პენტაგონის საიდუმლო მასალების თანახმად, რომლებიც სოციალურ ქსელებში გავრცელდა, შესაძლოა, უკრაინაში ომი 2024 წლამდე გაგრძელდეს და გამარჯვებას ვერცერთმა მხარემ მიაღწიოს. ამის შესახებ The Washington Post აშშ-ის დაზვერვის საიდუმლო მასალებზე დაყრდნობით წერს.
გამოცემა აღნიშნავს, რომ იმ შემთხვევაშიც კი თუ უკრაინა დაიბრუნებს მნიშვნელოვან ტერიტორიებს და დიდ ზიანს მიაყენებს რუსეთის ჯარს (რაც ამერიკის დაზვერვისთვის ნაკლებად სავარაუდოა), ამას სამშვიდობო მოლაპარაკებები მაინც არ მოჰყვება.
„მოლაპარაკებები კონფლიქტის შეწყვეტის შესახებ ნაკლებსავარაუდოა 2023 წლის განმავლობაში ყველა განხილული სცენარის მიხედვით“, - ნათქვამია საიდუმლო დოკუმენტში.
შეფასებამ, რომელიც ეფუძნება აშშ-ს დეტალურ შესწავლას ორივე მხარის ჯარის რიცხოვნობის, შეიარაღებისა და აღჭურვილობის შესახებ, შესაძლოა, წაახალისოს ომის კრიტიკოსები, რომლებიც მოუწოდებდნენ ზესახელმწიფოებს, როგორიცაა აშშ და ჩინეთი, კიევი და მოსკოვი დაერწმუნებინათ შეეწყვიტათ კონფლიქტი, რომელმაც მილიონობით ადამიანი იძულებით გადაადგილებული გახადა და ასობით ათასი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
საიდუმლო დოკუმენტების თანახმად, ორივე მხარისთვის 2023 წელი დასრულდება უმნიშვნელო ტერიტორიული მიღწევებით „ჯარისა და მომარაგების არასაკმარისი რაოდენობის გამო, რომელიც აუცილებელია ეფექტური ოპერაციებისთვის“.
მასალებში აღნიშნულია, რომ ისეთი ჩიხური ვითარება, როდესაც ვერც ერთი მხარე ვერ აღწევს გადამწყვეტ უპირატესობას, დოკუმენტებში აღწერილია, როგორც სავარაუდო სცენარი.
ამასთან, გამოცემა აღნიშნავს, რომ გაურკვეველია საუბარია თუ არა სამხედრო ან პოლიტიკური ხელმძღვანელობის ცვლილებაზე.
დოკუმენტში მოცემული პროგნოზის თანახმად, უკრაინა ჩიხური ვითარების გამო სრულ მობილიზაციას გამოაცხადებს. ამავე დროს, უკრაინა, სავარაუდოდ, გააძლიერებს დარტყმებს რუსეთის ტერიტორიაზე, რაც აშშ-ის ზოგიერთი ოფიციალური პირის შეშფოთებას იწვევს. ისინი შიშობენ, რომ ასეთი დარტყმები რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს აიძულებს ესკალაციაზე წავიდეს ან ჩინეთს მისცემს საბაბს, დაიწყოს რუსეთისთვის ლეტალური იარაღის მიწოდება.
დოკუმენტის თანახმად, რაც შეეხება რუსულ მხარეს, ჩიხური ვითარება მოსკოვს აიძულებს აამოქმედოს „შემცირებული რეზერვები დასუსტებული საბრძოლო ძალის გამო“ . კრემლი ასევე, სავარაუდოდ, დააჩქარებს ოკუპირებული ტერიტორიების რუსეთთან ინტეგრაციის პროცესს.