სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, არარატმირზოიანმა განაცხადა, რომ ყარაბაღში გენოციდის რისკი არსებობს. ამის შესახებ მან გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლის დროს ისაუბრა.
"აზერბაიჯანის განმეორებითი აგრესია სომხეთის რესპუბლიკის სუვერენული ტერიტორიის წინააღმდეგ და სამხედრო ტაქტიკა მთიანი ყარაბაღის ხალხის წინააღმდეგ მნიშვნელოვნად არღვევს მშვიდობასა და სტაბილურობას ჩვენს რეგიონში, მასიურად არღვევს ადამიანის უფლებებსა და ჰუმანიტარულ სამართალს, წარმოადგენს ეგზისტენციალურ საფრთხეს სომხებისთვის“, – აცხადებს მირზოიანი.
როგორც სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, არაერთმა საერთაშორისო ექსპერტმა განაცხადა, რომ ყარაბაღში გენოციდის რისკი არსებობს.
„შიმშილის, როგორც ომის მეთოდის გამოყენება, ადამიანებისთვის საარსებო საშუალებების ჩამორთმევა, ხელის შეშლა, ჰუმანიტარული ხელმისაწვდომობის უარყოფა, ჰუმანიტარული საქმიანობის შეფერხება წარმოადგენს სასტიკი დანაშაულის ადრეულ გამაფრთხილებელ ნიშნებს. არაერთმა საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციამ, იურისტებმა, გენოციდის მკვლევრებმა, ცნობილმა დამოუკიდებელმა ექსპერტებმა, მათ შორის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ყოფილმა პროკურორმა და გაეროს გენერალური მდივნის ყოფილმა სპეციალურმა მრჩეველმა მთიან ყარაბაღში არსებული სიტუაცია დაახასიათეს, როგორც გენოციდის რისკი“, – ამბობს მირზოიანი.