ამის შესახებ ინფორმაციას სლოვაკეთის პრესა ავრცელებს.
კვირას, შუადღის საათებში, სლოვაკეთის ტატრებში მდებარე საკურორტო ქალაქ ლიპტოვსკის მიკულაშში ქალაქის ცენტრში მოქალაქეებში ქუჩაში მორბენალი მურა დათვი შენიშნეს, ვიდეოები გადაუღეს და სოციალურ ქსელში ატვირთეს.
პოლიციის პატრულმა დათვის ქალაქს მიმდებარე ტყისკენ განდევნა შეძლო, თუმცა მანამდე იგი 5 ადამიანს დაესხა თავს.
პრესის ცნობით დაშავებულთა შორის არიან 10 წლის გოგონა, ორი ქალი (48 და 58 წლის) და ორი კაცი (32 და 72 წლის).
ქალაქში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა და მცხოვრებლებს მოუწოდეს მოერიდონ საცხოვრებელი კვარტალების დატოვებას, განსაკუთრებით, დილის და საღამოს საათებში.
ქალაქის მერის თქმით, შექმნილია პოლიციის სპეციალური ჯგუფი - შეიარაღებული ფოტოხაფანგებით, დრონებით, ღამის ხედვის ხელსაწყოებით და ტაბელური იარაღით, რომელიც დღე-ღამის განმავლობაში მორიგეობს.
ამასთან, ქალაქი თანამშრომლობს ლიპტოვსკის მიკულაშის რაიონის სამონადირეო ამხანაგობებთან.
„ჩვენ ვთხოვეთ, გაეგზავნათ მოთხოვნა გარემოს დაცვის სამინისტროში სინანთროპული დათვების (იგულისხმება დათვები, რომლებიც ადამიანის საცხოვრისის მახლობლად ცხოვრობენ - „აიპრესი") დახოცვაზე".
აღსანიშნავია, რომ პარასკევს, ამავე რაიონის მიმდებარე დემენოვსკის ხეობის თავზე, ტყეში, დათვი ბელორუს ცოლ-ქმარს დაესხა თავს. მათ დათვისგან თავის დაღწევა სხვადასხვა მხარეს გაქცევით სცადეს. დათვი ქალს გაეკიდა, მას კი ციცაბო ფერდობზე ფეხი დაუცდა და ხეობაში ჩავარდა.
მეუღლემ, რომელიც პოლონეთში ცხოვრობს და სლოვაკეთის ტატრებში სათხილამურო ინსტრუქტორად მუშაობდა და პოლონეთში მყოფი ცოლი დასასვენებლად და ტყეში სალაშქროდ მიიწვია, ქალი ხედვის არიდან დაკარგა, ხმაც ვერ მიაწვდინა მაშველები გამოიძახა. მათ ძაღლის დახმარებით შეძლეს მოეძებნათ ტრაგედიის ადგილი, მაგრამ 31 წლის ქალი უკვე გარდაცვლილი იყო, დათვი, სისხლით მოსვრილი დრუნჩით კი იქვე ახლოს იყოს და წასვლას არ აპირებდა. სავარაუდოდ, მან დაახლოებით 20 მეტრი ათრია ხეობაში ჩავარდნილი ქალი. საბოლოოდ, დაახლოებით 120 კგ-იანი მამრი დათვის გაგდება, რომელსაც ყურზე ნიშანი ჰქონდა და ადრე კურორტ ტალეს გოლფის სათამაშო მინდორზე შენიშნეს, ძაღლის დახმარებით და გამაფრთხილებელი გასროლის შემდეგ შეძლეს.
სლოვაკური პრესის ცნობით, გარემოს დაცვის მინისტრმა განმარტა, რომ სლოვაკეთი რუმინეთთან ერთად, ევროკავშირის გარემოს დაცვის მინისტრთა საბჭოს მომავალ სხდომაზე წარადგენს წინადადებას დათვების დაცვის უფრო დაბალ კატეგორიაში გადაყვანის შესახებ და მისი მიღება შესაძლებელს გახდის დათვების პოპულაციაში უფრო ეფექტურ და აქტიურ ჩარევას.
„იმ შემთხვევაში, თუ ბრიუსელში პოლიტიკოსები სლოვაკებს ეტყვიან, რომ მათ არ აინტერესებთ ჩვენი ხალხი, ჩვენ აპრილის შეხვედრაზე მივალთ საკონსტიტუციო კანონპროექტით, რომელიც მკაფიოდ ითვალისწინებს აგრესიული ცხოველების დახოცვას. მაგალითად ისეთ რაიონებში, როგორიცაა ტურისტულ ცენტრებთან, ტროტუარები და ქალაქების გარეუბნები", - განაცხადა სლოვაკეთის ვიცე პრემიერ-მინისტრმა და გარემოს დაცვის მინისტრმა ტომაშ ტარაბამ.