ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩევლის თანამდებობაზე მაიკ უოლცის ნაცვლად სტივ უიტკოფის კანდიდატურა განიხილება. ამის შესახებ ინფორმაციას „სიენენი“ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს, თუმცა გამოცემა აღნიშნავს, რომ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.

როგორც „სიენენი“ წერს, დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა, სტივ უიტკოფმა უკვე უთხრა თავის ახლო გამორემოცვას, რომ არ სურს ეს თანამდებობა.

წყაროები გამოცემასთან საუბრისას არ გამორიცხავენ, რომ უიტკოფმა შესაძლოა, მაინც დაიკავოს ეს პოზიცია, თუ დონალდ ტრამპი მას პირადად სთხოვს.

ამასთან, „სიენენის“ ინფორმაციით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და მისი მოადგილე დროებით განიხილებიან მაიკ უოლცის შემცვლელებად, ვიდრე დონალდ ტრამპი მუდმივ კანდიდატურაზე მიიღებს გადაწყვეტილებას.

ცნობისთვის, მანამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი მაიკ უოლცი და მისი მოადგილე ალექს უონგი თანამდებობებს დატოვებენ. მარტში უოლცის გარშემო სკანდალი აგორდა. მან შექმნა Signal-ის ჩატი, შეცდომით ჩართო მასში The Atlantic-ის ჟურნალისტი ჯეფრი გოლდბერგი და ამით გაამჟღავნა ეროვნული უსაფრთხოების მაღალჩინოსნებთან მიმდინარე განხილვები იემენში „ჰუსიტების“ სამიზნეებზე სამხედრო დარტყმის გეგმის შესახებ.

თარგმანი: პირველი არხი