დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ დაკავებულებმა ხე-ტყის უკანონო მოპოვების და მასალის შეუფერხებლად გადაადგილების მფარველობისთვის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ერთ-ერთ ხელმძღვანელს ქრთამის სახით  5000 ლარი შესთავაზეს, ხოლო შემდგომი უკანონო საქმიანობის მფარველობისთვის, ხე-ტყით თითოეული დატვირთული სატვირთო ავტომანქანის შეუფერხებელი გადაადგილებისთვის, სისტემატურად, 2000 ლარს დაპირდნენ. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის დეპარტამენტის აღნიშნული თანამშრომლის მიერ, პროკურატურისთვის ოპერატიულად მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, გამოძიება უკანონო ქმედების ჩასადენად საჯარო მოხელისთვის ქრთამის მიცემის ფაქტზე დაიწყო.

საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებმა, 20 ივნისს, ორივე პირი უკანონო ქმედების შესასრულებლად ქრთამის ნაწილის 3000 ლარის გადაცემის შემდგომ დააკავეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც  სასჯელის სახედ და ზომად 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საქართველოს პროკურატურისთვის  მსგავსი დანაშაულის  წინააღმდეგ ბრძოლა ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს და ქრთამის აღება/მიცემის ფაქტებზე უმკაცრეს სისხლის სამართლის პოლიტიკას მომავალშიც გაატარებს. 

საქართველოს პროკურატურა მოგიწოდებთ,  იმ შემთხვევაში, თუ მსგავსი დანაშაულის შესახებ თქვენთვის გახდება ცნობილი, დაუყოვნებლივ მიმართეთ შესაბამის საგამოძიებო სტრუქტურებს, რასაც მოჰყვება მყისიერი და უმკაცრესი რეაგირება. - ნათქვამია პროკურატურის გავრცელებულ განცხადებაში.