რუსეთის ბოლო მასირებული სარაკეტო შეტევა უკრაინაზე არის ომის დამნაშავე ვლადიმირ პუტინის პასუხი მათთვის, ვინც მას ცოტა ხნის წინ დაურეკა ან შეხვდა. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრეი სიბიგამ X-ზე დაწერა.

მინისტრმა აღნიშნა, რომ საჭიროა „მშვიდობა ძალის მეშვეობით“ და არა აგრესორთან შერიგება.

„რუსეთმა დაიწყო ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საჰაერო თავდასხმა: დრონები და რაკეტები მშვიდობიანი ქალაქების, მძინარე მშვიდობიანი მოსახლეობის და კრიტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ.

ეს არის ომის დამნაშავე პუტინის ნამდვილი პასუხი ყველას, ვინც ამ ბოლო დროს დაურეკა და მოინახულა. ჩვენ გვჭირდება მშვიდობა ძალის მეშვეობით და არა დამშვიდება“, - თქვა სიბიგამ.

შეგახსენებთ, 15 ნოემბრის ცნობილი გახდა, რომ გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი ორი წლის განმავლობაში ვლადიმერ პუტინს პირველად ესაუბრა. ზელენსკიმ ამ სატელეფონო ზარს "პანდორას ყუთი" უწოდა.

გასულ ღამეს და დილით რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ მასირებული იერიში მიიტანა. ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის წინააღმდეგ 120-მდე რაკეტა და 90 დრონი გაუშვეს. საჰაერო თავდაცვის ძალებმა 210 საჰაერო სამიზნიდან 140 გაანადგურეს.

მიკოლაივში რუსეთის თავდასხმას ორი ადამიანი ემსხვერპლა, ექვსი კი დაშავდა. მასშტაბური ზიანი მიადგა უკრაინის ენერგოსისტემას. ამ დროისათვის უკრაინის ოლქების რაიონების უმეტესობა ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. მიმდინარეობს სამუშაოები ენერგომომარაგების აღსადგენად.