აშშ-ის კოლორადოს შტატის უზენაესმა სასამართლომ აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს დონალდ ტრამპს შტატის 2024 წლის პრაიმერიზში მონაწილეობა აუკრძალა.

CNN-ის ცნობით, სასამართლომ დაადგინა, რომ ტრამპს აშშ-ის კონსტიტუციის მე -14 შესწორების საფუძველზე, არ აქვს უფლება, საპრეზიდენტო კანდიდატი იყოს.

სასამართლომ მხარი დაუჭირა მოსამართლის გადაწყვეტილებას, რომ ტრამპი მონაწილეობდა 2021 წლის 6 იანვრის ამბოხებაში და ასევე გააუქმა მისი დასკვნა, რომ აკრძალვა არ ეხება პრეზიდენტს.

შტატის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება ეხება მხოლოდ კოლორადოს, მაგრამ აუცილებლად მოახდენს გავლენას 2024 წლის საპრეზიდენტო კამპანიაზე. განჩინება 4 იანვრამდე, გასაჩივრებამდე შეჩერდება.

კოლორადოს საარჩევნო ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ საკითხი 5 იანვრამდე უნდა მოგვარდეს, რომელიც არის კანონით დადგენილი ვადა „რესპუბლიკური პარტიის“ პრაიმერიზის კანდიდატთა სიის დასადგენად. ცნობისათვის, აშშ-ში სამოქალაქო ომის შემდეგ რატიფიცირებულ მე-14 შესწორებაში აღნიშნულია, რომ თანამდებობის პირებს, რომლებიც ფიცს დებენ კონსტიტუციის წინაშე, ეკრძალებათ თანამდებობის დაკავება, თუ ამბოხებაში მონაწილეობდნენ.