საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 19 იანვარს გამართულ დემონსტრაციებზე, ჯამში - 1,12 მილიონი ადამიანი გამოვიდა.
საპენსიო რეფორმის საწინააღმდეგო აქციები პარიზში, მარსელში, ლიონში, რენში, ლილში, ბორდოსა და სხვა ქალაქებში გაიმართა.
ამავე ინფორმაციით, უშუალოდ პარიზში, დემონსტრანტების რაოდენობამ 80,000 ადამიანი შეადგინა.
განსხვავებული მონაცემები გამოაქვეყნა ერთ-ერთმა მთავარმა პროფკავშირმა (CGT), რომლის თანახმადაც, ჯამში 2 მილიონი ადამიანი შეუერთდა აქციებს, ხოლო უშუალოდ პარიზში, ქუჩებში 400,000 დემონსტრანტზე მეტი გამოვიდა.
პროფესიული კავშირის წარმომადგენლების თქმით, მათ შორის იყვნენ მეხანძრეები, სტუდენტები, პოლიციელები, საავადმყოფოს თანამშრომლები და კერძო სექტორის წარმომადგენლები.
გამოსვლების საპასუხოდ, ბარსელონაში მყოფმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ მთავრობა გააგრძელებს რეფორმაზე მუშაობას "პატივისცემით, დიალოგის სულისკვეთებაზე დაფუძნებით, მაგრამ ამავდროულად იქნება გამბედავი და პასუხისმგებლობის გრძნობით აღსავსე."
საფრანგეთის რვა ყველაზე ძლიერი პროფესიული გაერთიანება შეთანხმდა, რომ შემდეგი დემონსტრაცია და გაფიცვები 31 იანვარს გაიმართება, ეროვნულ ასამბლეაში კანონპროექტის განხილვის დაწყებიდან, ერთი დღის შემდეგ.