რუსეთმა ხერსონის ოლქში, სოფელი ნოვოდმიტროვკა არტილერიით დაბომბა. ინფორმაციას ხერსონის პროკურატურა ავრცელებს.
საარტილერიო იერიშს 6 წლის ბავშვი სიცოცხლე შეეწირა. დაშავებულია ოთხი ადამიანი, მათ შორის გარდაცვლილის 13 წლის ძმა.
"გამოძიებამ დაადგინა, რომ 14 სექტემბერს, დაახლოებით 00:00 საათზე ოკუპანტებმა ხერსონის ოლქის სოფელი ნოვოდმიტროვკა არტილერიით დაბომბეს. მტრის ჭურვები კერძო სახლს და მიმდებარე ტერიტორიას მოხვდა. სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები მიიღო 6 წლის ბავშვმა. მისი 13 წლის ძმა საავადმყოფოშია გადაყვანილი, მოზარდის მდგომარეობა მძიმეა". – წერია ხერსონის პროკურატურის განცხადებაში.
ხერსონის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის თავმჯდომარის, ალექსანდრ პროკუდინის თქმით განვლილ 24 საათში რუსეთმა ოლქი 82-ჯერ დაბომბა. ოლქს არტილერიით, ტანკებით, უპილოტო საფრენი აპარატებით, ავიაციით, ნაღმსატყორცნებით, ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებით, ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსებით ბომბავდნენ. სულ ხერსონის მიმართულებით 433 ჭურვია ნასროლი.