მოსკოვის ბასმანის რაიონულმა სასამართლომ დაუსწრებლად დააპატიმრა მწერალი და დრამატურგი ბორის აკუნინი (გრიგორი ჩხარტიშვილი).
ბორის აკუნინს ბრალად ედება "ტერორისტული საქმიანობისკენ საჯარო მოწოდებებსა და რუსეთის არმიის შესახებ "ფეიკების" გავრცელებაში".
მას მიესაჯა დაუსწრებლად 2 თვით პატიმრობა, ვადა გამოითვლება ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან, ხოლო რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ექსტრადიციის ან დეპორტაციის შემთხვევაში - სამართალდამცავ ორგანოებში გადაყვანის მომენტიდან.
ბორის აკუნინი, რომელიც საჯაროდ გმობს რუსეთის ხელისუფლების ქმედებებსა და რუსეთის მიერ გაჩაღებულ ომს უკრაინაში, ამჟამად ლონდონში ცხოვრობს.
გასული წლის დეკემბერში, რუსეთის ხელისუფლებამ ბორის აკუნინი შეიყვანა „ტერორისტებისა და ექსტრემისტების“ სიაში. ამის შემდეგ, მის წინააღმდეგ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე.
პარალელურად, რუსეთის ხელისუფლების მეცადინეობით, რუსეთში ბორის აკუნინის წინააღმდეგ, ფართომასშტაბიანი კამპანია წამოიწყო - ჩატარდა ჩხრეკა გამომცემლობაში, სადაც იბეჭდებოდა მისი წიგნები, შეაჩერეს მაღაზიებში აკუნინის წიგნების გაყიდვები და ა.შ.
12 იანვარს რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ აკუნინი „უცხოური აგენტების“ რეესტრში შეიყვანა.