რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო მეუღლეების და სრულწლოვანი შვილების აქტივების და შემოსავლის ქონებრივ დეკლარაციებში რეგისტრაციის ვალდებულება 

საკონსტიტუციო სასამართლომ თავისი გადაწყვეტილებით კონსტიტუციასთან შეუსაბამოდ ცნო სახელმწიფო მოხელის მიმართ მოთხოვნის წაყენება ქონებრივ დეკლარაციაში მეუღლეების, აგრეთვე მასთან მცხოვრები სრულწლოვანი შვილების აქტივების და შემოსავლის ასახვის შესახებ.

აღნიშნულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ დეკლარანტს კანონმა შეიძლება დააკისროს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა იმ ინფორმაციის წარუდგენლობის ან არასწორად წარდგენის გამო, რასაც იგი უშუალოდ არ ფლობს, ეს კი შეუსაბამოა კონსტიტუციასთან.

გარდა ამისა, საკონსტიტუციო სასამართლომ მიუთითა „ევროპულ კონცეფციაზე, რომელიც ორიენტირებულია პირადი ცხოვრებისა და პერსონალური მონაცემების დაცვის აუცილებლობაზე“ და კონსტიტუციურ დებულებაზე, რომლის თანახმადაც „საჯარო ხელისუფლება პატივს სცემს და იცავს ინტიმურ, ოჯახურ და პირად ცხოვრებას“ და დაადგინა, რომ ქონებრივი მდგომარეობის შესახებ დეკლარაციები აღარ იქნება საჯარო.

სასამართლომ განმარტა, რომ კორუფციის თავიდან ასაცილებლად და პოლიტიკურ ცხოვრებაში გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად საკმარისია დეკლარაციის წარდგენა კომპეტენტური ორგანოსთვის და არ არის აუცილებელი და პროპორციული შემოთავაზებული მიზნის მისაღწევად მათი ვებსაიტზე გამოქვეყნება, რადგან ამით ირღვევა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება.

სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაშია მომავლისთვის და არ იმოქმედებს გადაწყვეტილების ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში გამოქვეყნებამდე წარდგენილ ქონებრივი მდგომარეობისა და ინტერესების დეკლარაციებზე