ნაძალადევის რაიონში სპორტული მოედნების რეაბილიტაცია-კეთილმოწყობა გრძელდება. ამჯერად, დასრულდა სამი სპორტული მოედნის მოწყობის სამუშაოები.

ზღვისუბნის დასახლებაში, მე-4 მიკრორაიონის N10 საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარედ, საფეხბურთო სპორტული მოედანი სრულად განახლდა. პროექტის ფარგლებში, 620 კვ.მ ფართობზე ხელოვნური მწვანე საფარი დაიგო და მოედნის ინფრასტრუქტურა განახლდა. კომბინირებული მოედანი რეაბილიტირდა უცნობ გმირთა ქუჩის N140-ის მიმდებარედ. 640 კვ.მ ფართობზე ხელოვნური საფარი დაიგო, მოედნის ინფრასტრუქტურა განახლდა და გაიჭიმა მავთულბადე.

გურამიშვილის გამზირის N17-თან კი, სრულიად ახალი კომბინირებული მოედანი მოეწყო. პროექტის ფარგლებში, 180 კვ.მ ფართობზე ხელოვნური მწვანე საფარი დაიგო. დამონტაჟდა ფეხბურთის კარები და კალათბურთის ფარები. განახლებული მოედნები ნაძალადევის რაიონის გამგებელმა ირაკლი ანდღულაძემ ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად დაათვალიერა.

,,ნაძალადევის რაიონის გამგეობა, ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობის მიზნით, სპორტული მოედნების მოწყობა-რეაბილიტაციას აქტიურად ახორციელებს. დაზიანებულ მოედნებზე ბალახის ხელოვნური საფარი, ფეხბურთის კარის ბადეები და კალათბურთის ფარები შეიცვალა. ანალოგიური სამუშაოები მიმდინარე წელს უკვე 6 მისამართზე შესრულდა და დამატებით კიდევ რამდენიმე მოედანზე უახლოეს დღეებში დაიწყება“, - განაცხადა ირაკლი ანდღულაძემ. მიმდინარე წელს სპორტული მოედნების სარეაბილიტაციო სამუშაოებზე

ნაძალადევის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან, ჯამში, 480 000 ლარი დაიხარჯა.