რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ იცრუა, როდესაც განაცხადა, რომ ბრიანსკის რეგიონში სამხედრო ობიექტზე უკრაინელების თავდასხმისას ექვსი რაკეტიდან ხუთი ჩამოაგდეს. ამის შესახებ Reuters ამერიკელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის წყარომ განაცხადა, რომ უკრაინამ საბრძოლო მასალის საცავისკენ რვა ATACMS-ის რაკეტა გაისროლა და რუსეთმა ორის ჩამოგდება შეძლო.

უკრაინული წყაროები ირწმუნებიან, რომ ATACMS-ებით ბრიანსკის ოლქში, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სარაკეტო და საარტილერიო დირექტორატის არსენალი ააფეთქეს.

ამერიკის მთავრობაში ჯერ კიდევ არ ადასტურებენ, რომ უკრაინას ამერიკული იარაღით რუსეთზე თავდასხმის უფლება მისცეს.

17 ნოემბერს, The New York Times-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-ის ამჟამინდელმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა პირველად დაუშვა უკრაინელი სამხედროების მიერ ATACMS-ის რაკეტებით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმები.

ამერიკულ ATACMS-ის რაკეტებს, მოდიფიკაციის მიხედვით, 140-დან 300 კმ-მდე შეუძლიათ სამიზნეების განადგურება.