შეერთებულმა შტატებმა ვიდრე, კონგრესი უკრაინისთვის დახმარების პაკეტს დაამტკიცებდა, ფარულად, მარტში უკრაინას ATACMS-ის რაკეტები გადასცა, რომლებიც აპრილში უკრაინელმა სამხედროებმა რუსული სამიზნეებისთვის უკვე გამოიყენეს. იუწყება Reuters.
მედიის ცნობით, ATACMS-ები შედიოდა უკრაინის 300-მილიონიანი დახმარების პაკეტში, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 2024 წლის მარტში დაამტკიცა. საუბარია ATACMS-ების მნიშვნელოვან რაოდენობაზე, თუმცა კონკრეტული რიცხვი არ სახელდება.
უკრაინულმა მხარემ ეს რაკეტები პირველად გამოიყენა 17 აპრილს ანექსირებულ ყირიმში რუსეთის აეროდრომის წინააღმდეგ, უკრაინის ფრონტის ხაზიდან დაახლოებით 165 კილომეტრის დაშორებით.
ასევე იუწყებიან, რომ ATACMS-ები იქნა გამოყენებული ზაპოროჟიეს რეგიონში ოკუპირებულ ბერდიანსკზე თავდასხმის დროს.
პენტაგონი თავდაპირველად ეწინააღმდეგებოდა კიევისთვის ATACMS -ის მიწოდებას იმის გამო, რომ ეს ზიანს მიაყენებდა აშშ-ის საბრძოლო მზადყოფნას და უკრაინა გამოიყენებდა მათ რუსეთის ტერიტორიაზე სამიზნეებზე დასარტყმელად.
მაგრამ თეთრი სახლის აზრი შეიცვალა რუსეთის მიერ ჩრდილოეთ კორეის ბალისტიკური რაკეტების გამოყენებისა და უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების შემდეგ.
საბოლოო ჯამში, ჯო ბაიდენმა გადაწყვეტილება თებერვლის შუა რიცხვებში ეროვნული უსაფრთხოების შეხვედრის დროს მიიღო. Reuters -ის ცნობით, შეხვედრის მონაწილეებმა - ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა, თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა, სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა და აშშ-ის გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელმა ჩარლზ ბრაუნმა ერთხმად დაუჭირეს მხარი უკრაინისთვის ATACMS-ის მიწოდებას.