ევროკავშირის ლიდერები აპირებენ, გააფრთხილონ საქართველო, რომ მისი მთავრობა საფრთხეს უქმნის ქვეყნის გზას ევროკავშირისკენ ამ თვის ბოლოს საპარლამენტო არჩევნების წინ, - ამის შესახებ სააგენტო Reuters 17-18 ოქტომბერს დაგეგმილი ევროპული საბჭოს სამიტის დასკვნების პროექტის ტექსტზე დაყრდნობით წერს.
Reuters-ის ინფორმაციით, 17-18 ოქტომბერს ბრიუსელში გასამართი ევროკავშირის ლიდერების სამიტისთვის მომზადებული დასკვნების პროექტში ნათქვამია, რომ „"ევროკავშირი ადასტურებს მზადყოფნას ქართველ ხალხს ევროპულ გზაზე მხარი დაუჭიროს, მაგრამ კიდევ ერთხელ გამოხატავს თავის სერიოზულ შეშფოთებას საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებული ქმედებების მიმართ. ევროპული საბჭო აღნიშნავს, რომ მსგავსი ქმედებები საქართველოს ევროკავშირისკენ გზას საფრთხეს უქმნის და გაწევრიანების პროცესს დე ფაქტო აჩერებს".
სააგენტო წერს, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს საქართველოს საერთაშორისო პარტნიორები ყურადღებით აკვირდებიან.