დონალდ ტრამპის დიდი ხნის მეგობარი და ამჟამად თურქეთში აშშ-ს ელჩი თომას ბარაკი სირიაში აშშ-ს პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენლად დაინიშნება. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters საკითხზე ინფორმირებულ თურქ დიპლომატზე დაყრდნობით ავრცელებს.
როდესაც აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერს აღნიშნულ ცნობაზე შეკითხვა დაუსვეს, მან უპასუხა, რომ "ჯერჯერობით დაანონსებული არაფერია".
20 მაისს სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის წინაშე საუბრისას აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ თქვა, რომ იგი თურქეთის საელჩოს პერსონალს, მათ შორის, ბარაკს, სირიელ მაღალჩინოსნებთან კომუნიკაციის ნებართვას აძლევდა, რათა უკეთ გაეგოთ, თუ კონკრეტულად რა სახის დახმარებას საჭიროებს სირიის ახალი მთავრობა.
"ჩვენ გვსურს ამ მთავრობას წარმატების მიღწევაში დავეხმაროთ, ვინაიდან ალტერნატივა სრულმასშტაბიანი სამოქალაქო ომი და ქაოსია, რომელიც, რა თქმა უნდა, მთელი რეგიონის დესტაბილიზაციას გამოიწვევს". - თქვა რუბიომ სენატში მოსმენაზე.