პორტუგალიელი ფერმერები ადეკვატური საკვების, ადამიანის უფლებების დაცვისა და სოფლის მეურნეობის სექტორში დასაქმებული ადამიანების შრომის დაფასების მოთხოვნით აქციებს მართავენ. პროტესტის ნიშნად, მათ ესპანეთისა და პორტუგალიის დამაკავშირებელი გზა ტრაქტორებით გადაკეტეს.
მასობრივი პროტესტის თავიდან აცილების მიზნით, პორტუგალიის მთავრობამ, ფერმერებისთვის გადაუდებელი დახმარების პაკეტი დაამტკიცა, რომელიც 500 მილიონი ევროს ოდენობის თანხის გამოყოფას ითვალისწინებს. მიუხედავად ამისა, პორტუგალიელი ფერმერები დემონსტრაციებს არ წყვეტენ.
შეგახსენებთ, რომ პორტუგალიის გარდა, ფერმერები საპროტესტო აქციებს ბელგიაში, საფრანგეთსა და გერმანიაში მართავენ.
ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში ევროპის კავშირის სამიტის მიმდინარეობისას ფერმერებმა ტრაქტორებით გზა გადაკეტეს. დემონსტრანტების ნაწილმა კი ევროპარლამენტის შენობას კვერცხები და ბოთლები ესროლა. აქციის მონაწილეები მათ მიერ წარმოებულ პროდუქციაზე დაბალ ფასებს, ევროპის კავშირის გარემოსდაცვით პოლიტიკასა და გაზრდილ ბიუროკრატიას აპროტესტებენ.
ფრანგი ფერმერები სამუშაო პირობების გაუმჯობესებას და გარემოსდაცვითი რეგულაციების შემცირებას მოითხოვენ. ევროპის კავშირის ახალი მოთხოვნის თანახმად, გაერთიანების წევრმა სახელმწიფოებში მცხოვრებმა ფერმერებმა პესტიციდებისა და სასუქის გამოყენება თანდათან იმდენად უნდა შეამცირონ, რომ 2030 წლისთვის საკუთარ საზღვრებში მოქცეული ზედაპირის მინიმუმ 20% ბუნებრივ მდგომარეობას დაუბრუნდეს. მათი განცხადებით, დაწესებული რეგულაციები შეუძლებელს ხდის, რომ კონკურენცია გაუწიონ სხვა ქვეყნების მწარმოებლებს.
გერმანიაში ფერმერთა საპროტესტო აქციები დეკემბერში დაიწყო. მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ სოფლის მეურნეობის სუბსიდიების გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო. დემონსტრანტების განცხადებით, სუბსიდიების შეწყვეტა, მათ ბიზნესებს თანდათანობით გააკოტრებს.