გერმანიაში ფერმერებმა მორიგი ერთკვირიანი საპროტესტო აქციის გამართვა დაიწყეს და ტრაქტორებით, ბერლინსა და სხვა ქალაქებში, მთავარი გამზირები გადაკეტეს.
დემონსტრაციები ქვეყანაში დეკემბერში დაიწყო. მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ სოფლის მეურნეობის სუბსიდიების გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო. დემონსტრანტები აცხადებენ, რომ სუბსიდიების შეწყვეტა, მათ ბიზნესებს თანდათანობით გააკოტრებს.
ოლაფ შოლცის კოალიციურმა მთავრობამ სოფლის მეურნეობის სუბსიდიების გაუქმების გადაწყვეტილება საბიუჯეტო კრიზისის დასაძლევად, 2024 წლის ბიუჯეტში 17 მილიარდი ევროს (18,6 მილიარდი დოლარი) ხვრელის შესავსებად, მიიღო.
ფინანსთა სამინისტროს ცნობით, შეღავათების გაუქმებით ქვეყანა ჯამში 480 მილიონ ევროს დაზოგავს.
ქვეყანაში დაწყებული საპროტესტო გამოსვლების შედეგად, ფედერალურმა მთავრობამ გადაწყვეტილება ნაწილობრივ შეცვალა და სუბსიდიების ეტაპობრივად გაუქმებას დაუჭირა მხარი.
„ჩვენ გულთან ახლოს მივიტანეთ ფერმერების არგუმენტები და მთავრობა კომპრომისზე წასვლა გადაწყვიტა. განვიხილავთ თუ კიდევ რა შეგვიძლია გავაკეთოთ იმისთვის, რომ სოფლის მეურნეობას კარგი მომავალი ჰქონდეს“, - ოლაფ შოლცი.
მთავრობის განცხადებაში აღნიშნულია, რომ დიზელზე არსებული საგადასახადო შეღავათები მომენტალურად არ შეწყდება, რაც ფერმერებს „ადაპტაციისთვის“ მეტ დროს მისცემს. 2024 წელს სუბსიდიები 40%-ით, მომავალი ორი წლის განმავლობაში კი 30%-ით შემცირდება.
მთავრობის მიერ მსგავს დათმობაზე წასვლის მიუხედავად, დემონსტრანტები უკან დახევას არ აპირებენ და აცხადებენ, რომ მათთვის გადასახადების არა მომენტალურად, არამედ ეტაპობრივად გაზრდაც მიუღებელია.