პოლონელმა ფერმერებმა უკრაინის საზღვარი გადაკეტეს და მატარებლების, სატვირთოების, ავტობუსებისა და მსუბუქი ავტომანქანების მგზავრებს გადაადგილების საშუალებას არ აძლევენ.
დემონსტრაციაში მონაწილე ფერმერების ნაწილმა სატვირთოებიდან უკრაინული მარცვლეული გადმოყარა, რაც პოლონეთში უკრაინის ელჩმა, ვასილი ზვარიჩმა მკაცრად დაგმო და აღნიშნულ ქმედებას ფერმერების მიმართ უპატივცემულობა უწოდა.
“პოლიციამ შესაბამისი რეაგირება უნდა მოახდინოს და კანონის დამრღვევები დასაჯოს. რუსული აგრესიის პირობებში ასეთი ქმედებები უკრაინელი ფერმერების, საკუთარი თავისა და სხვა ადამიანების უპატივცემულობაა. სირცხვილი, ბატონებო!“, - ვასილი ზვარიჩი.
უკრაინის საზღვრის ჩაკეტვის პარალელურად, საპროტესტო აქციები მთელი პოლონეთის მასშტაბით იმართება. აქციის მონაწილეებმა ტრაქტორებით ქვეყანაში არაერთი მაგისტრალი გადაკეტეს.
აღსანიშნავია, რომ პოლონელი ფერმერების საპასუხოდ, უკრაინელი მძღოლები საზღვარზე კონტრაქციას მართავენ. ისინი პოლონელ ფერმერებს ბლოკადის მოხსნისკენ მოუწოდებენ: „მოხსენით ბლოკადა, სახლებში დააბრუნეთ უკრაინელი მძღოლები!“.
პოლონელი ფერმერებისთვის მთავარ გამოწვევას ევროპის კავშირის სოფლის მეურნეობის პოლიტიკა, უკრაინიდან იმპორტირებული იაფი საკვები და უსამართლო კონკურენცია წარმოადგენს. დემონსტრანტები, როგორც ბრიუსელისგან, ასევე ეროვნული მთავრობისგან წარმოების ხარჯების შემცირებას და სამართლიანი კონკურენციის უზრუნველყოფას მოითხოვენ.