ევროპელი ფერმერების პროტესტს ჩეხებიც შეუერთდნენ. პრაღის ცენტრში ტრაქტორებით გამოსული ჩეხი ფერმერები ევროპის კავშირის სოფლის მეურნეობის პოლიტიკას აპროტესტებენ.
აქციის მონაწილეები სოფლის მეურნეობის მინისტრისთვის, მარეკ ვიბორნისთვის თავიანთი მოთხოვნების ჩამონათვალის გადაცემას გეგმავდნენ. მათი უკმაყოფილება ევროპის კავშირის მწვანე შეთანხმებით ნაკისრმა ვალდებულებებმა და გაზრდილმა წარმოების ხარჯებმა გამოიწვია.
პრაღის მერიამ მოქალაქეები გააფრთხილა, რომ დედაქალაქში გადაადგილებისგან თავი შეიკავონ.
ევროპის კავშირის მწვანე შეთანხმების მიხედვით, 2050 წლისთვის აღარ იქნება სათბურის აირების გაფრქვევა; ეკონომიკური ზრდა აღარ იქნება დამოკიდებული რესურსების გამოყენებაზე; არცერთი ადამიანი და არცერთი ადგილი არ დარჩება მწვანე შეთანხმების მიღმა. შეთანხმება ეკოლოგიურად სუფთა ტექნოლოგიებში ინვესტირებას, ენერგეტიკის სექტორის დეკარბონიზაციას, შენობების მეტი ენერგოეფექტურობით უზრუნველყოფას, გლობალური გარემოსდაცვითი სტანდარტების გაუმჯობესებას და ა.შ. ითვალისწინებს.
2023 წლის დეკემბრიდან ევროპის კონტინენტი ფერმერების მასშტაბურმა საპროტესტო აქციებმა მოიცვა. ქვეყნების მიხედვით, სოფლის მეურნეობის სექტორში დასაქმებული ადამიანების პრობლემები და მათ მიმართ ხელისუფლების მიდგომა ერთმანეთისგან განსხვავებულია, თუმცა არსებობს გარკვეული საკითხები, მათ შორის ევროპის მწვანე შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები და ევროპული გაერთიანების საერთო სასოფლო-სამეურნეო პოლიტიკა (CAP), რაც ევროპელ ფერმერთა საერთო წუხილის მიზეზს წარმოადგენს.
მაგალითისთვის, ლიეტუველი, პოლონელი, იტალიელი, ფრანგი, ბელგიელი, ბულგარელი და რუმინელი ფერმერების უკმაყოფილებას ევროპის კავშირის რეგულაციები და იაფი იმპორტი იწვევს, საბერძნეთის სოფლის მეურნეობის სექტორში დასაქმებული ადამიანებისთვის - გაზრდილი წარმოების ხარჯები და ევროპული გაერთიანების საერთო სასოფლო-სამეურნეო პოლიტიკით გათვალისწინებული გადასახადები.
ევროპელი ფერმერები აცხადებენ, რომ ისინი პროდუქციას ევროპის კავშირის მკაცრი რეგულაციები პირობებში აწარმოებენ, რაც მათ წარმოების ხარჯებს მნიშვნელოვნად ზრდის და საკვების დაბალ ფასად გაყიდვის შესაძლებლობას გამორიცხავს. მაღალი ფასის გამო ევროპელ ფერმერთა პროდუქცია იმპორტირებულ იაფ საკვებს კონკურენციას ვერ უწევს, რის გამოც ფერმერი შემოსავალს კარგავს.