ოფიციალურმა პეკინმა კიევს დავოსში ვოლოდიმირ ზელენსკისა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს პრემიერის, ლი ციანის შეხვედრის გამართვაზე უარი უთხრა. ამის შესახებ წყაროებზე დაყრდნობით გამოცემა Politico წერს.
დავოსის ეკონომიკური ფორუმის დაწყებამდე უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი საუბრობდა იმაზე, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ჩინეთის ჩართვა ზელენსკის „მშვიდობის ფორმულის“ გარშემო მიმდინარე მოლაპარაკებებში, და მიანიშნებდა, რომ ზელენსკის ასეთი შეხვედრის გამართვის შესაძლებლობა ექნება.
თუმცა, როგორც Politico-ს თეთრი სახლის მაღალჩინოსნებმა განუცხადეს, ჩინურმა მხარემ უარი თქვა რაიმე სახის შეხვედრებზე, მას შემდეგ რაც მოსკოვმა პეკინს მოუწოდა, შეეწყვიტა დიპლომატიური კონტაქტები უკრაინასთან.
Politico-ს მტკიცებით, ეს შეიძლება ნიშნავდეს იმას, რომ ჩინეთი არ აპირებს უკრაინაში ომის დასასრულებლად მოქმედებას და რუსეთის მხარეს დგება.
თავის მხრივ, უკრაინის პრეზიდენტმა დავოსში შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ლი ციანთან შეხვედრას არ გეგმავდა, ვინაიდან ის ჩინეთის ლიდერი არაა.
„არსებობს ჩინეთის პრემიერი – მაშინ მას ჩვენი პრემიერი შეხვდება. მე სიამოვნებით შევხვდებოდი ჩინეთის ლიდერს. რამდენადაც ვიცი, გადაწყვეტილებებს სი ძინპინი იღებს, ხოლო უკრაინაში გადაწყვეტილებებს მე ვიღებ… მე არ მჭირდება ნებისმიერი დიალოგები, მე მჭირდება გადაწყვეტილებების მიმღები ლიდერებისგან გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯები“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.