ევროპული საბჭოს ამჟამინდელი პრეზიდენტი შარლ მიშელი თუ ივლისში თანამდებობას დატოვებს, ევროკავშირის ლიდერები სწრაფად უნდა შეთანხმდნენ მის შემცვლელზე. წერს Politico.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, თუ ევროკავშირის ლიდერები სწრაფად ვერ შეთანხმდებიან მიშელის მემკვიდრეზე, ევროპული საბჭოს თავმჯდომარეობა დროებით გადაეცემა უნგრეთის პრემიერ-მინისტრს, ვიქტორ ორბანს, რომლის ქვეყანამაც 2024 წლის ივლისიდან დეკემბრამდე ევროკავშირის საბჭოს უნდა უხელმძღვანელოს.
ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობა როტაციის საფუძველზე ევროკავშირის ერთი წევრიდან მეორეზე ექვსი თვის ვადით გადადის. როგორც ცნობილია, უნგრეთი ბელგიის შემდეგ ევროკავშირის საბჭოს 2024 წლის ივლისიდან დეკემბრამდე უხელმძღვანელებს.
შარლ მიშელმა განაცხადა, რომ შესაძლოა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის თანამდებობა ვადაზე ადრე დატოვოს, რადგან ევროპარლამენტის არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს.
მიშელი თანამდებობაზე ნოემბრის ბოლომდე უნდა დარჩენილიყო, იმის მიუხედავად, რომ მისი გადაწყვეტილება იურიდიულად დასაშვებია, ეს ნაბიჯი ევროპელ ლიდერებზე გააძლიერებს ზეწოლას, რადგან ქვეყნები ცდილობენ თავიდან აიცილონ ვიქტორ ორბანის გავლენა უნგრეთის მიერ საბჭოს 6-თვიანი თავმჯდომარეობის დროს.
ევროპარლამენტის არჩევნების შემდეგ, რომელიც 6-9 ივნისს ევროკავშირის 27-ვე ქვეყანაში გაიმართება, ევროპელი ლიდერები შეიკრიბებიან 17 ივნისს, შემდეგ კი 27-28 ივნისს. სწორედ ამ შეხვედრებზე შეეცდებიან მიშელის შემცვლელზე შეთანხმების მიღწევას.