რომის პაპი ფრანცისკე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს დაბადებიდან 90 და აღსაყდრებიდან 45 წლის იუბილეს ულოცავს.
„საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვრად აღსაყდრების 45-ე წლისთავთან დაკავშირებით და 90-ე დაბადების დღის აღსანიშნად, გულწრფელ სურვილებს ვუგზავნი თქვენს უწმინდესობასა და უნეტარესობას და ვლოცულობ, რომ ყოვლისშემძლე ღმერთმა გიწყალობოთ ჯამრთელობა და სულიერ ნიჭთა სიუხვე თქვენი მრავალწლიანი მწყემსური მსახურების გზაზე.
მაშინ, როდესაც თქვენს მრავალწლიან უფლის მსახურებას თან სდევდა მრავალგვარი გამოწვევა და თქვენი ქვეყნის მნიშვნელოვნად გარდასახვა, ეკლესია, რომელიც მინდობილი იყო თქვენს მზრუნველობაზე, ყოველთვის სულიერად იზრდებოდა და ყვავდებოდა. ეს მახსენებს მოციქულის სიტყვებს: „მწამს, რომ თქვენს შორის კეთილი საქმის დამწყები კიდევაც აღასრულებს მას იესო ქრისტეს დღემდე“. [ფილიპე 1:6]. მაშასადამე, ვლოცულობ, რომ ჩვენმა ზეციერმა მამამ მოგმადლოთ ძალა, რათა განაგრძოთ ქრისტეს სახის ძიება, ვინაიდან თქვენ მოწმობთ სამყაროსადმი მის სიყვარულს და იბრძვით სამწყსოს და მთელი ქართველი ხალხის სასიკეთოდ.
გთხოვთ, იცოდეთ, რომ მე განსაკუთრებით ვაფასებ თქვენს მრავალფეროვან მუსიკალურ კომპოზიციებს, რომლებსაც ხშირად ვუსმენ, როგორც ლოცვისთვის მომზადების ღირებულ საშუალებას. ეს ჩემთვის ძალიან ძვირფასია!
ძვირფასო ძმაო, ვლოცულობ, რომ ღვთისმშობელმა დაგიფაროთ თავისი კალთის ქვეშ, გეხვევით და გისურვებთ მშვიდობას, ასევე ვთხოვ თქვენს უწმიდესობასა და უნეტარესობას, რომ მომიხსენიოთ თქვენს ლოცვებშიც“, – ნათქვამია პაპ ფრანცისკეს წერილში.