პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ღაზაში დაღუპულთა რაოდენობამ 10 000-ს გადააჭარბა.
ისრაელმა „ჰამასს“ ომი გამოუცხადა მას შემდეგ, რაც 7 ოქტომბერს რადიკალურმა მოძრაობამ ისრაელის ქალაქებზე მასირებული სარაკეტო შეტევა მიიტანა, მისი შეიარაღებული ჯგუფები კი ისრაელის სამხრეთში მდებარე დასახლებებში შეიჭრნენ და ასეულობით ადამიანი დახოცეს.
7 ოქტომბრიდან ისრაელში დაღუპულია 1400-ზე მეტი ადამიანი.
"ჰამასს“ 200-ზე მეტი მძევალი ჰყავს.
დასავლეთის სახელმწიფოები და საერთაშორისო ორგანიზაციები ადასტურებენ, რომ ისრაელს თავდაცვის უფლება აქვს, თუმცა მისგან საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დაცვას მოითხოვენ.
ღაზას სექტორის სამოქალაქო მოსახლეობაში დიდი მსხვერპლისა და უმძიმესი ჰუმანიტარული კრიზისის გამო გაერო ისრაელს საერთაშორისო სამართლის დარღვევაში ადანაშაულებს. თავის მხრივ, ისრაელის მთავრობა აცხადებს, რომ "მისი სამიზნე მხოლოდ „ჰამასი“ არის, რომელიც სამოქალაქო მოსახლეობას ფარად იყენებს".