ამერიკელი პრეზიდენტის გარემოცვაში სულ უფრო უკმაყოფილოები არიან სტივ უიტკოფის მიდგომით რუსეთთან მიმართებით - მათი აზრით უიტკოფი პროცესს არაპროფესიონალურად უდგება, რაც აფერხებს პროგრესს. ინფორმაციას ამის შესახებ New York Post ვითარებაში გაცნობიერებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის წყაროების ცნობით, ტრამპის გარემოცვაში უკმაყოფილოები არიან იმით, რომ უიტკოფი უმაღლესი დონის შეხვედრებში პრაქტიკულად მარტო მონაწილეობს და პერიოდულად კრემლის მიერ შეთავაზებული თარჯიმნების მომსახურებასაც იყენებს.
მეორე მხარის მიერ შეთავაზებული თარჯიმნების მოლაპარაკებების პროცესში ჩართვა ამერიკული დიპლომატიის ძველ წესებს არღვევს.
საყურადღებოა, რომ 25 აპრილს ვლადიმირ პუტინთან გამართულ რიგით მეორე შეხვედრაზე უიტკოფი მარტო იმყოფებოდა და მას მხოლოდ 2 თარჯიმანი ახლდა, მაშინ როდესაც რუსეთის დელეგაციას პუტინის გარდა მისი მრჩეველები იური უშაკოვი და კირილ დმიტრიევი წარმოადგენდნენ.
გარდა ამისა, ტრამპის გარემოცვაში უიტკოფის სწრაფად მზარდ პორტფოლიოზე მიუთითებენ და ამბობენ, რომ მისთვის რთული იქნება ერთდროულად 3 დიპლომატიურ პროცესში იყოს შეერთებული შტატების მთავარი წარმომადგენელი.
ამერიკელი ადმინისტრაციის მაღალჩინოსნებს მიაჩნიათ, რომ უიტკოფი არ არის გაცნობიერებული კონფლიქტის მიზეზებში და მიდრეკილია გაიმეოროს პუტინისგან მოსმენილი თეზისები.
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტთან დაკავშირებით უიტკოფის მიმართ მზარდ უკმაყოფილებაზე გასულ კვირას წერდა საინფორმაციო სააგენტო Reuters.