სამხრეთ კაროლინას ყოფილმა გუბერნატორმა, პრეზიდენტობის კანდიდატმა ნიკი ჰეილიმ განაცხადა, რომ მას არ აქვს ინტერესი გახდეს დონალდ ტრამპის ვიცე-პრეზიდენტი. მის განცხადებას Reuters ციტირებს.

რესპუბლიკური პარტიის ნომინაციისთვის ბრძოლაში ტრამპის მთავარმა კონკურენტმა აღნიშნა, რომ ის "მეორეხარისხოვან როლებს არ ითამაშებს."

ამ კვირაში, ნიუ ჰემფშირში კამპანიისას მან კატეგორიულად გამორიცხა ნოემბერში ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატობა.

"მე არ მინდა ვინმეს ვიცე-პრეზიდენტი ვიყო. ეს არ არის საკამათო. მე ამას ყოველთვის ვამბობდი. ეს არის თამაში, რომელსაც ისინი თამაშობენ და მე არ ვაპირებ თამაშს," - თქვა ჰეილიმ.

ნიკი ჰეილი განსაკუთრებით აქტიურ კამპანიას რესპუბლიკური პარტიის შიდაპარტიული პრაიმერის რიგით მეორე, ნიუ-ჰემფშირის შტატში ატარებს.

საზოგადოებრივი აზრის კვლევებით, ამ შტატში გამარჯვების ყველაზე დიდი შანსი დონალდ ტრამპს აქვს.

თუმცა, ნიუ-ჰემფშირი აიოვასთან შედარებით უფრო ურბანული შტატია, სადაც რესპუბლიკური პარტიის არჩევნებში ხმის მიცემას ბევრი დამოუკიდებელი/არარესპუბლიკელი მოქალაქე გეგმავს. სწორედ ამ ორ სეგმენტში აქვს მაღალი მხარდაჭერა პრო-უკრაინული პოზიციებით გამორჩეულ სამხრეთ კაროლინას ყოფილ გუბერნატორ ნიკი ჰეილის.

დონალდ ტრამპმა 15 იანვარს, აიოვას შტატში ჩატარებულ პირველ რესპუბლიკურ საპრეზიდენტო პრაიმერში დიდი გამარჯვება მოიპოვა. მან ამომრჩევლების 51%-ის მხარდაჭერა მიიღო.