ჰამასის ლიდერის, იაჰია სინვარის სიკვდილს ისრაელის პრემიერმინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ გამოეხმაურა. ნეთანიაჰუს თქმით, "ლიკვიდაცია მნიშვნელოვანი მიღწევაა ჰამასის ბოროტების ღერძის ჩამოშლის თვალსაზრისით".
"მე დღეს თქვენ წინაშე ვდგავარ, რომ გითხრათ, რომ იაჰია სინვარი ლიკვიდირებულია. ადამიანი, რომელმაც ჩვენი ხალხის ისტორიაში, ჰოლოკოსტის შემდეგ, ყველაზე საშინელი ხოცვა-ჟლეტა მოაწყო. მკვლელი, რომელმაც ათასობით ისრაელელი დახოცა, ასობით ჩვენიანი გაიტაცა, ჩვენი გმირი ჯარისკაცების მიერ მოკლულია. როგორც დაგპირდით, მასთან ანგარიში გავასწორეთ", - თქვა ნეთანიაჰუმ ისრაელის მოქალაქეებისადმი მიმართვაში.
ნეთანიაჰუს თქმით, სინვარის მკვლელობის მიუხედავად, ისრაელის მისია დასრულებული არ არის, ვინაიდან ტერორისტების მიერ აყვანილი მძევლები სახლებში ჯერ კიდევ არ დაბრუნებულან. პრემიერმინისტრმა მძევლების გათავისუფლებას "ისრაელის და მისი პირადი უზენაესი ვალდებულება" უწოდა.
"დეიფი, ჰანია, სინვარი, ნასრალა, მოსენი, აქილი და მათი ბევრი პარტნიორი ცოცხლები აღარ არიან. ნათელია, ისრაელისთვის და მსოფლიოსთვის, თუ რატომ არ შევწყვიტეთ ომი - რატომ შევედით რაფაში, წნეხის მიუხედავად, სადაც სინვარი და სხვა მკვლელები იმალებოდნენ", - თქვა ნეთანიაჰუმ.
ნეთანიაჰუმ მადლობა გადაუხადა ისრაელის თავდაცვის ძალებსა და უსაფრთხოების სააგენტოს (Shin Bet) მათი სიმამაცისთვის.
"დღეს ჩვენ ვაჩვენეთ, თუ რა ხდება, როცა ჩვენ ტკივილს გვაყენებენ. დღეს მსოფლიოს ვაჩვენეთ სიკეთის გამარჯვება ბოროტებაზე", - აღნიშნა ისრაელის პრემიერმინისტრმა.