საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ისრაელის მიერ ღაზის სექტორში საბრძოლო მოქმედებების წარმოებისთვის გამოყენებული იარაღის მიწოდების შეწყვეტისკენ მოუწოდა. ლიბანში არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით მან განაცხადა, რომ მთავარი ამოცანაა, არ მოხდეს კონფლიქტის შემდგომი ესკალაცია.
„მე ვფიქრობ, რომ დღეს პრიორიტეტია პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე დაბრუნება და ღაზის სექტორში გამოყენებული იარაღის მიწოდების შეწყვეტა", - განაცხადა მაკრონმა „ევრონიუსთან" ინტერვიუში.
მისი თქმით, საფრანგეთი ისრაელს იარაღს აღარ მიაწოდებს, თუმცა გააგრძელებს სარაკეტო თავდაცვის აღჭურვილობის მიწოდებას.
მაკრონმა ლიბანში არსებულ ვითარებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამჟამად მთავარი ამოცანაა, არ მოხდეს კონფლიქტის შემდგომი ესკალაცია.
„ლიბანი არ შეიძლება გახდეს კიდევ ერთი ღაზა” - განაცხადა მან.
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ მკვეთრად გააკრიტიკა საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და სხვა დასავლელი ლიდერები, რომლებიც, მისი თქმით, ღაზის სექტორში ჰამასის პოზიციებზე საჰაერო თავდასხმების გამო ისრაელისთვის იარაღის მიწოდების შეწყვეტისკენ მოუწოდეს.
„სანამ ისრაელი ებრძვის ბარბაროსულ ძალებს ირანის მეთაურობით, ყველა ცივილიზებული ქვეყანა მტკიცედ უნდა დაუდგეს გვერდით ისრაელს, მაგრამ პრეზიდენტი მაკრონი და სხვა დასავლელი ლიდერები ახლა ისრაელზე იარაღის ემბარგოს დაწესებას ითხოვენ. სირცხვილი მათ", - განაცხადა ნეთანიაჰუმ და განაგრძო:
„უწესებს თუ არა ირანი იარაღის მიწოდებაზე ემბარგოს „ჰეზბოლას", ჰუსიტებს, „ჰამასს" და მის სხვა მარიონეტებს? რა თქმა უნდა არა. ტერორის ეს ღერძი ერთიანია, მაგრამ ქვეყნები, რომლებიც ვითომცდა ეწინააღმდეგებიან ტერორის ამ ღერძს, მოუწოდებენ ისრაელისთვის იარაღის მიწოდებაზე ემბარგოს დაწესებისკენ“.
ნეთანიაჰუმ მათ პოზიციას "სირცხვილი" უწოდა და დასძინა, რომ ისრაელი გაიმარჯვებს „მათი მხარდაჭერით ან მის გარეშე, ხოლო მათი სირცხვილი ომის მოგების შემდეგაც გაგრძელდება".
„ამ ბარბაროსობისგან თავის დაცვით, ისრაელი იცავს ცივილიზაციას მათგან, ვინც ყველა ჩვენგანისთვის ფანატიზმის ბნელი ხანის თავსმოხვევას ცდილობს. დარწმუნებული იყავით, ისრაელი იბრძოლებს მანამ, სანამ არ იქნება მოგებული ბრძოლა - ჩვენი გულისთვის და მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის გულისთვის მთელ მსოფლიოში".
ნეთანიაჰუმ აღნიშნა, რომ ისრაელი შვიდ სხვადასხვა ფრონტზე - „ჰამასის" ღაზაში, „ჰეზბოლას" ლიბანში, ჰუსიტების ლიბანში, შიიტი მეამბოხეების ერაყსა და სირიაში და ტერორისტები იუდეასა და სამარიაში და ირანში ჩათვლით - იცავს თავს.
ნეთანიაჰუს მრისხანებით სავსე განცხადების საპასუხოდ, ელისეის სასახლემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მაკრონი „მხარს უჭერს ისრაელის უსაფრთხოებას და ამას მოქმედებით ადასტურებს".
მაკრონის ოფისის თანახმად, აპრილში, ასევე ამ კვირაში ირანის სარაკეტო თავდასხმის შემდეგ, მოხდა საფრანგეთის სამხედრო ძალების მობილიზება. მაკრონმა „პირადად აცნობა ირანის პრეზიდენტს ისრაელის უსაფრთხოების მიმართ საფრანგეთის ერთგულების შესახებ. მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ საფრანგეთი არ დაუშვებს ირანის ან მისი რომელიმე მოკავშირის ისრაელზე თავდასხმას" და ყოველთვის დაუპირისპირდება მათ, თუ ისინი ძალის გამოყენებას შეეცდებიან.
ამავდროულად, მაკრონი თვლის, რომ „აუცილებელია რეგიონში დაძაბულობის ესკალაციის თავიდან აცილება“ და ღაზის სექტორში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტა.
„სწორედ ამ კონტექსტში პრეზიდენტი მოუწოდებს შეწყდეს ღაზაში გამოსაყენებლად განკუთვნილი იარაღის ექსპორტი შეწყვიტოს იარაღის ექსპორტი" და „ჩვენ უნდა დავუბრუნდეთ დიპლომატიურ გადაწყვეტილებებს"., - აცხადებს მაკრონის ოფისი და დასძენს:
„საფრანგეთი ისრაელის ერთგული მეგობარია. ბატონი ნეთანიაჰუს სიტყვები ზომაგადასულია და შეუსაბამოა საფრანგეთისა და ისრაელის მეგობრობასთან".