თვითმხილველები მოსკოვში აფეთქების შესახებ იუწყებიან. წინასწარი მონაცემებით, დრონი აფეთქდა კარამიშევსკაიას სანაპიროზე. თავდაპირველად ამის შესახებ Telegram არხები Baza, Shot და Mash იუწყებოდნენ, შემდეგ აფეთქების შესახებ ინფორმაცია მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა დაადასტურა.
Mash-ის ინფორმაციით, აფეთქება მარშალ ჟუკოვის გამზირზე, ჟივოფისნის ხიდთან მოხდა. დრონი მდინარე მოსკოვის გასწვრივ დაახლოებით 150 მეტრის სიმაღლეზე დაფრინავდა. ამის შემდეგ თვითმხილველებმა აფეთქების ხმა გაიგეს.
Baza წერს, რომ დრონი მოსკოვის ოლქის ისტრას რაიონიდან მიფრინავდა. Shot-ის ინფორმაციით, დრონის ნამსხვრევები 67-ე საავადმყოფოს მიმდებარე პარკში იპოვეს.
დილით ცნობილი გახდა კალუგასა და ვნუკოვოს აეროპორტების საჰაერო სივრცის დაკეტვის შესახებ. წინასწარი მონაცემებით, მიზეზი დრონის თავდასხმის რისკი გახდა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ თავდასხმაში უკრაინა დაადანაშაულა: "დღეს, შუადღისას, კიევის რეჟიმს ჰქონდა მცდელობა, განეხორციელებინა ტერორისტული თავდასხმა უპილოტო საფრენი აპარატით მოსკოვის ობიექტზე".
უწყებამ განაცხადა, რომ დრონი ჩამოაგდეს და "მოსკოვის დასავლეთით მდებარე ტყეში ჩამოვარდა“.
თავად კიევს კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია, თუმცა ტრადიციულად, ომის შემდეგ უკრაინა მსგავს ინციდენტებთან კავშირს ღიად არ ადასტურებს.