რუსული მედია და ტელეგრამის არხები რუსეთის დედაქალაქზე დრონების თავდასხმის შესახებ ინფორმაციას ავრცელებენ, რომლის შედეგადაც რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მახლობლად მდებარე შენობა დაზიანდა, ხოლო მეორე დრონი მოსკოვის ბიზნეს ცენტრს დაეჯახა.
Telegram-ის არხმა Shot გაავრცელა ინფორმაცია მოსკოვზე უპილოტო საფრენი აპარატის თავდასხმის შესახებ, რის გამოც ქალაქის თავზე აფეთქებების ხმები გაისმა.
"შენობაში, სადაც ლეროი მერლინი მდებარეობს, ზედა სართულების ფანჯრები ჩამტვრეულია, მანამდე იქ უპილოტო საფრენი აპარატი დაფრინავდა," - წერს Shot.
ამავდროულად, Telegram-ის არხი Mash იტყობინება, რომ კომსომოლსკის პროსპექტზე მდებარე შენობაში, რომელიც რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მახლობლად მდებარეობს, მინები ჩაიმტვრა, შენობასთან კი დრონის ფრაგმენტები აღმოაჩინეს.
დაღუპულებისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის არ ვრცელდება.
TASS-მა, საგანგებო სამსახურებზე დაყრდნობით, დაადასტურა, რომ კომსომოლსკის პროსპექტზე დრონის ფრაგმენტები აღმოაჩინეს, ხოლო მეორე უპილოტო საფრენი აპარატი ლიხაჩევის ქუჩაზე მაღალსართულიან ბიზნეს ცენტრს დაეჯახა.