„პირველი ადამიანი, რომელსაც გენმოდიფიცირებული ღორის თირკმელი გადაუნერგეს, ოპერაციის ჩატარებიდან ორი თვის შემდეგ გარდაიცვალა,“ - განაცხადა მასაჩუსეტსის გენერალურმა ჰოსპიტალმა, რომელმაც პროცედურა ჩაატარა.

62 წლის რიჩარდ "რიკ" სლეიმანს, მარტში ოპერაციის ჩატარებამდე, თირკმელების ბოლო სტადიის დაავადება ჰქონდა. 

მასაჩუსეტსის გენერალური ჰოსპიტლის განცხადებით, არ არსებობს იმის ნიშანი, რომ სლეიმანის გარდაცვალება ტრანსპლანტაციის შედეგი იყო.


მასაჩუსეტსის გენერალური ჰოსპიტალი "ღრმა მწუხარებას გამოთქვამს" სლეიმანის მოულოდნელი გარდაცვალების გამო. 

გენმოდიფიცირებული ღორების სხვა ორგანოების გადანერგვა წარსულში წარუმატებელი აღმოჩნდა, თუმცა სლეიმანის ოპერაცია შეფასდა, როგორც ისტორიული ეტაპი. თირკმელების დაავადების გარდა, სლეიმანს ასევე აწუხებდა მე-2 ტიპის დიაბეტი და ჰიპერტენზია. 2018 წელს, მას ადამიანის თირკმელი გადაუნერგეს, მაგრამ ხუთი წლის შემდეგ მდგომარეობა გაუარესდა. ღორის თირკმლის გადანერგვის შემდეგ, ექიმებმა დაადასტურეს, რომ პაციენტს აღარ სჭირდებოდა დიალიზი, რადგან ახალი ორგანო კარგად ფუნქციონირებდა.


მიუხედავად იმისა, რომ სლეიმანი პირველი ადამიანი იყო, ვისაც ღორის თირკმელი გადაუნერგეს, არსებობს ღორის სხვა ორგანოების გადანერგვის პრაქტიკაც. როგორც ცნობილია, მანამდე, ორმა ადამიანმა ღორის გული გადაინერგა, თუმცა ეს პროცედურები წარუმატებელი აღმოჩნდა, რადგან პაციენტები რამდენიმე კვირის შემდეგ გარდაიცვალნენ. პირველ შემთხვევაში, იყო ნიშნები, რომ პაციენტის იმუნურმა სისტემამ ცხოველის ორგანო ვერ მიიღო, რაც ტრანსპლანტაციისას ზოგადი რისკია.