ფრანგული პრესის ცნობით, ორშაბათს საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა უარი თქვა „ახალი სახალხო ფრონტის" კანდიდატის, ლუსი კასტეს პრემიერ-მინისტრად დანიშვნაზე.
ელისეის სასახლეში კონსულტაციების პირველი რაუნდის შემდეგ მაკრონმა განაცხადა, რომ ის არ განიხილავს „ახალი სახალხო ფრონტის" წარმომადგენლებს მთავრობის სათავეში.
ელისეის სახლის წარმომადგენლის თანახმად, ემანუელ მაკრონმა აღნიშნა, რომ მთავრობა, რომელიც ეყრდნობა მხოლოდ პროგრამებს და მხოლოდ ალიანსში შემავალ პარტიებს, მიუხედავად მათ მიერ სხვებთან შედარებით მეტი მიღებული ხმებისა, დაუყოვნებლივ იქნება ბოიკოტირებული ეროვნულ ასამბლეაში წარმოდგენილი ყველა სხვა ჯგუფის მიერ.
მაკრონი „პასუხისმგებლობის სულისკვეთებაზე" საუბრობს და თითოეულს, განსაკუთრებით, სოციალისტებს, კომუნისტებს და ეკოლოგებს „სხვა პოლიტიკურ ძალებთან" თანამშრომლობისკენ და მელანშონისტებისგან გამიჯვნისკენ მოუწოდებს.
მაკრონის პოზიციას იზიარებენ „ახალი სახალხო ფრონტის" ოპონენტები არა მხოლოდ მაკრონისტული ბლოკიდან (გაბრიელ ატალი), არამედ „ეროვნულ გაერთიანებიდან" (მარინ ლე პენი) და მემარჯვენე რესპუბლიკელებში (ლორან ვოკიე).
„ახალი სახალხო ფრონტის" კოორდინატორმა მანუელ ბომპარმა „მიუღებელი დემოკრატიული გადატრიალება" უწოდა მაკრონის ქმედებას. მისი თქმით, ნაციონალური ასამბლეის დეპუტატები „დაუმორჩილებელი საფრანგეთიდან", პრემიერ-მინისტრად მემარცხენე კოალიციის კანდიდატის, ლუსი კასტეს დანიშვნაზე უარის გამო მაკრონის გადაყენებას მოითხოვენ.
რესპუბლიკის პრეზიდენტის როლი დღეს იმაში მდგომარეობს, რომ მან პრემიერ-მინისტრი ეროვნულ ასამბლეაში უმრავლესობის მქონე ჯგუფიდან დანიშნოს. ამ უმრავლესობამ შემდეგ დანარჩენებთან უნდა მიაღწიოს შეთანხმებებს. დემოკრატია ასე მუშაობს და პრეზიდენტი ვერ შექმნის თავის ოცნების მთავრობას, - ამბობს მემარცხენე კოალიციის მიერ პრემიერ-მინისტრად წარდგენილი, მაკრონის მიერ უარყოფილი კანდიდატი ლუსი კასტე.