მოლდოვაში დასრულდა საპარლამენტო არჩევნების შედეგების დათვლის პროცედურა და გაირკვა პარტიების მიერ მოპოვებული მანდატების რაოდენობა.
მოლდოვის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემების თანახმად, ამ დროისთვის დათვლილია დაჯამებულია 2274 საარჩევნო უბნიდან 2272 უბნის ოქმების შედეგების მიხედვით საპარლამენტო მანდატები ხუთმა პოლიტიკურმა სუბიექტმა მოიპოვა:
პრეზიდენტ მაია სანდუს „მოქმედებისა და სოლიდარობის პარტია“ - 50.16% (791042 ხმა) - 55 მანდატი
ექსპრეზიდენტ იგორ დოდონის „პატრიოტული ბლოკი“ - 24.19% (381489 ხმა) - 26 მანდატი
2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მაია სანდუს კონკურენტ ალექსანდრ სტოიანოგლოს ბლოკი „ალტერნატივა“ - 7.97% (125660 ხმა) - 7 მანდატი
„ჩვენი პარტია“ - 6.20% (97849 ხმა) - 6 მანდატი
მოლდოვის დემოკრატიული პარტია - 5.62% (88675 ხმა) - 6 მანდატი
2025 წლის საპარლამენტო არჩევნებში პრეზიდენტ მაია სანდუს პარტიამ 2021 წლის რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით 8 მანდატით ნაკლები მოიპოვა, თუმცა მას კვლავინდებურად უფრო მეტი დეპუტატი ეყოლება, ვიდრე პრორუსულ, ექსპრეზიდენტების იგორ დოდონის და ვლადიმირ ვორონინის „პატრიოტულ ბლოკს“, რომელმაც წინა არჩევნებთან შედარებით 6 მანდატით ნაკლები მიიღო.
წინა მოწვევის პარლამენტში 6 დეპუტატი ჰყავდა გაყვანილი პრორუსი ოლიგარქის, ილან შორის პარტიას, რომელიც 2023 წელს მოლდოვის საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი და დაიშალა. მის დეპუტატებს ადგილები შეუნარჩუნდათ, თუმცა აეკრძალათ სხვა პარტიებში გადასვლა და დამოუკიდებელ დეპუტატებად იყვნენ აღრიცხულნი.
„მოქმედებისა და სოლიდარობის პარტიის“, „პატრიოტული ბლოკის“ და 6 დამოუკიდებელი დეპუტატის მიერ დაკარგული 20 მანდატი სამმა პოლიტიკურმა სუბიექტმა - 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მაია სანდუს კონკურენტ ალექსანდრ სტოიანოგლოს ბლოკმა „ალტერნატივამ“, „ჩვენი პარტიამ“ და მოლდოვის დემოკრატიული პარტიამ - გადაინაწილეს. მათგან ერთის, „ჩვენი პარტიის“ ლიდერმა , რენატო უსატიმ, განაცხადა, რომ მისი პარტია კოალიციაში არავისთან არ შევა და პარლამენტში დამოუკიდებლად იმოქმედებს.
მაია სანდუს პარტიამ არჩევნები მოიგო როგორც მოლდოვაში, ისე საზღვარგარეთ. განსაკუთრებით დამაჯერებელი მისი გამარჯვება საზღვარგარეის უბნები იყო, სადაც მან 276391 ხმიდან 216988 ხმა (78,51%) მიიღო. მოლდოვაში მან 1300759 ხმიდან 574054 ხმა (44,13%) მიიღო.
მოლდოვის საპარლამენტო არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით კმაყოფილება გამოხატეს და პრეზიდენტ მაია სანდუს გამარჯვება მიულოცეს ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ანტონიუ კოშტამ, ევროპარლამენტის თავმჯდომარემ რობერტა მეცოლამ, საფრანგეთოის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა, პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა და სხვებმა.