ბელარუსის ავტოკრატი პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს თქმით, საზღვარზე დაძაბულობის ფონზე ბელარუსია პოლონეთთან ურთიერთობის გაუმჯობესებას ცდილობს. ამის შესახებ ინფორმაციას Belta ავრცელებს.
ლუკაშენკოს თქმით, მინსკი დასავლეთის ქვეყნებთან ურთიერთობების გამწვავებას უნდა მოერიდოს და მაღალტექნოლოგიურ დასავლეთთან კონტაქტები არ უნდა გაწყვიტოს.
"ახლა ფულს ძირითადად აღმოსავლეთში ვშოულობთ: რუსეთში, ჩინეთში. მაგრამ ჩვენ არ უნდა გავწყვიტოთ კონტაქტები მაღალტექნოლოგიურ დასავლეთთან. ისინი ახლოს არიან, ევროკავშირი ჩვენი მეზობელია. და ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ კონტაქტი მათთან. ჩვენ მზად ვართ ასე მოვიქცეთ, მაგრამ სათანადოდ უნდა გავითვალისწინოთ საკუთარი ინტერესებიც." - თქვა ლუკაშენკომ.
ლუკაშენკომ პოლონეთის საზღვარზე დაძაბულობასა და მეზობელ ქვეყანასთან ურთიერთობაზეც ისაუბრა.
"პოლონელებს უნდა დაველაპარაკოთ. მე ვუთხარი პრემიერს, რომ მათ დაუკავშირდეს. თუ მათ სურთ, შეგვიძლია ვისაუბროთ, გავაუმჯობესოთ ურთიერთობა. ჩვენ მეზობლები ვართ და ამას ვერ აირჩევ, მეზობლებს ღმერთი გვაძლევს." - თქვა ლუკაშენკომ.
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, პაველ იაბლონსკიმ ლუკაშენკოს კომენტარს “ცარიელი სიტყვები” უწოდა.