უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, უკრაინამ პუტინის ზამთრის ტერორი დაამარცხა.
"2023 წლის 1 მარტს, პუტინმა მეხუთე დიდი მარცხი განიცადა სრულმასშტაბიანი შემოჭრის დღიდან - უკრაინამ ზამთრის ტერორი დაამარცხა. ჩვენ გადავურჩით უმძიმეს ზამთარს ჩვენს ისტორიაში. სიცივესა და სიბნელეში ვიყავით, მაგრამ ვიყავით დაუმარცხებელი.
პირველი მარცხი მაშინ იყო, როდესაც შეტევის პირველივე წუთებიდან პუტინს შიშით პარალიზების საშუალება არ მივეცით. მეორე, როდესაც ჩვენ ჩავშალეთ რუსული ბლიცკრიგის გეგმა. უკრაინა არ დაეცა სამ დღეში, შვიდში, თვეში ან წელიწადში და არასოდეს დაეცემა", - თქვა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
კულება ამბობს, რომ უკრაინელებმა მესამე მარცხი რუსეთის ფედერაციას დიპლომატიურ ფრონტზე მიაყენეს. მისი თქმით, მეოთხე მარცხი არის რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების დიდი ნაწილის დაკარგვა, უკრაინის შეიარაღებული ძალებისა და უკრაინის დანარჩენი თავდაცვის ძალების ეფექტური მოქმედებებისა და კონტრშეტევების შედეგად.