უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებას განცხადებით, საქართველოს ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესის კადრების გამოქვეყნების შემდეგ „ყველაფერმა დუღილის წერტილს მიაღწია“, რის გამოც კიევმა „სამართლიანი ნაბიჯი“ გადადგა.
"როდესაც სახელმწიფო რაღაცით უკმაყოფილოა, პირველი რეაქცია არის პროტესტი. მეორე არის ელჩის კონსულტაციებისთვის გამოძახება და რეაქციის მესამე დონე არის სთხოვო ამ ქვეყნის ელჩს, თავის მთავრობასთან კონსულტაციებისთვის უკრაინა დატოვოს. დიპლომატიაში ეს უკიდურესად მკაცრი ფორმაა, მაგრამ საქართველოს ხელისუფლება ამას იმსახურებს“, – განაცხადა კულებამ.
მისი თქმით, საქართველოს ელჩს სამშაბათს დილით დაიბარებენ, რის შემდეგაც „მასთან სათანადო საუბარი ექნებათ“.
კულება აცხადებს, რომ "საქართველოს ხელისუფლებას ნამდვილად სურს სააკაშვილის სიკვდილით დასჯა პირადი სიძულვილისა და შურისძიების გამო და ისინი მოქმედებენ ძველი სტალინური მეთოდით".
3 ივლისს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინაში საქართველოს ელჩს 48 საათის განმავლობაში ქვეყნის დატოვება სთხოვა.
"სწორედ ახლა რუსეთი საქართველოს ხელისუფლების ხელით კლავს უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილს. ჩვენ არაერთხელ მოვუწოდეთ ოფიციალურ თბილისს, შეეწყვიტა ეს შეურაცხყოფა და შეთანხმებულიყო სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებაზე. ჩვენმა პარტნიორებმა უკრაინასთან კოორდინაციით ასევე შემოგვთავაზეს დახმარების ვარიანტები. დღეს საგარეო საქმეთა სამინისტროს დავავალე, გამოიძახოს უკრაინაში საქართველოს ელჩი, გამოვხატოთ ჩვენი მკაცრი პროტესტი და ვთხოვო მას 48 საათის განმავლობაში დატოვოს უკრაინა, რათა კონსულტაციები გამართოს დედაქალაქთან. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი გადასცეს უკრაინას საჭირო მკურნალობისთვის. და მე მოვუწოდებ ჩვენს პარტნიორებს, მოაგვარონ ეს სიტუაცია, არ დააიგნორონ და გადაარჩინონ ეს ადამიანი. ევროპაში არცერთ მთავრობას არ აქვს უფლება სიკვდილით დასჯის, სიცოცხლე არის ძირითადი ევროპული ღირებულება", – აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი.