გუშინ, ავსტრიაში საპარლამენტო არჩევნები გაიმართა. კენჭისყრის საბოლოო შედეგები საბოლოოდ 3 ოქტომბრისთვის გახდება ცნობილი, თუმცა, როგორც ვარაუდობენ, პოლიტიკურ პარტიათა მიერ მიღებული ხმების პროცენტული რაოდენობა აღარ ან უმნიშვნელოდ შეიცვლება.
ამ დროისთვის არსებული მონაცემების თანახმად, არჩევნებში ხმების 29,2% მიიღო ულტრამემარჯვენე, პროკრემლისტურმა და ანტიისლამისტურმა „ავსტრიის თავისუფლების პარტიამ". წინა არჩევნებთან შედარებით მან 12,6%-ით მეტი ხმები მიიღო და პირველად არსებობის ისტორიაში გახდა ავსტრიის ყველაზე ძლიერი პარტია.
კანცლერ კარლ ნეჰამერის კონსერვატიულ „სახალხო პარტიას" ამომრჩეველთა 26,3%-მა მისცა, რაც 11,2%-ით ნაკლებია წინა არჩევნებთან შედარებით.
მესამე ადგილზე ხმების 21.1%-ით „ავსტრიის სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ" დაიკავა.
პარლამენტში მოხვდნენ აგრეთვე „ახალი ავსტრია და ლიბერალური ფორუმი" (NEOS – Das Neue Österreich und Liberales Forum) და „მწვანეები", ხოლო „ავსტრიის კომუნისტურმა პარტიამ" და „ლუდის პარტიამ" 4%-იანი ბარიერი ვერ გადალახეს.
გამარჯვებულ პარტიას ავსტრიის 183-კაციან პარლამენტში 58 დეპუტატი ეყოლება, რაც მის მიერ მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირებას გამორიცხავს. ამასთან, „ახალი ავსტრია და ლიბერალური ფორუმი" და „მწვანეები", აგრეთვე „სოციალ-დემოკრატიული პარტიის" არა მხოლოდ ფედერალური, არამედ თითქმის ყველა რეგიონალური ორგანიზაცია გამორიცხავს „ავსტრიის თავისუფლების პარტიასთან" თანამშრომლობას, ხოლო კანცლერი ნემაჰერი გამორიცხავს „სახალხო პარტიის" გამარჯვებული პარტიის ლიდერთან, ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრ ჰერბერტ კიკლთან თანამშრომლობას. მისი თქმით, „ავსტრიის თავისუფლების პარტიის" მიერ მკვეთრად რადიკალური პოზიციების შერბილების შემთხვევაში შესაძლებელია განხილული იქნეს მასთან თანამშრომლობის შესაძლებლობა.
„ავსტრიის თავისუფლების პარტიის" წევრი ევროპარლამენტარები ფრაქციაში „პატრიოტების ევროპისთვის" არიან გაერთიანებულები. პარტია უარს აცხადებს დაგმოს რუსეთის უკრაინაში შეჭრა, არ უჭერს მხარს უკრაინის ევროკავშირში გაერთიანებას, თვლის, რომ ქვეყანას ესაჭიროება რუსული გაზი და ევროკავშირის მიერ რუსეთისთვის სანქციების დაწესების დროს ავსტრია ნაციონალური ინტერესებით უნდა ხელმძღვანელობდეს, აცხადებს, რომ მიგრანტების წინააღმდეგ ზომების გამკაცრებაა აუცილებელი.
მკვეთრად და არაერთგზის გაცხადებული „ანტიევროპული" პოზიციების გამო, „ავსტრიის თავისუფლების პარტიის" გამარჯვება არასასიამოვნო პერსპექტივებს სახავს ევროპარლამენტისთვის. ავსტრიის პრეზიდენტ ალექსანდერ ვან დერ ბელენისთვის პარტიის „ანტიევროპული" პოზიცია იყო ის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი, რის გამოც იგი შეუძლებლად მიიჩნევდა, არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში მისი ლიდერისთვის მთავრობის ფორმირება დაევალებინა. ავსტრიის კანონები ცალსახად არ ავალდებულებენ პრეზიდენტს, დაავალოს მთავრობის ფორმირება გამარჯვებულ პარტიას. არჩევნების შემდეგ მას განუცხადებია, რომ არ დაავალებს მთავრობის ფორმირებას გამარჯვებულს, თუმცა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მომავალი კანცლერი უნდა სარგებლობდეს მისი ნდობით.
მან პატივი უნდა სცეს „ჩვენი ლიბერალური დემოკრატიის ფუნდამენტურ საყრდენებს - კანონის უზენაესობა, ხელისუფლების დანაწილება, ადამიანის და უმცირესობათა უფლებები, მედიის დამოუკიდებლობა და ევროკავშირის წევრობა"