რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, ვადიმ კრასიკოვი, რომელიც გერმანიამ გუშინ ტყვეთა დიდი გაცვლის ფარგლებში გაათავისუფლა, რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურისთვის მუშაობს.

ვადიმ კრასიკოვს ბერლინში 2019 წელს საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობისთვის სამუდამო პატიმრობა ჰქონდა მისჯილი, რუსეთში კი აცხადებდნენ, რომ მას რუსეთის სპეცსამსახურებთან არანაირი კავშირი არ ჰქონდა.

პესკოვის თქმით, კრასიკოვი სპეცდანიშნულების რაზმ „ალფაში“ ვლადიმერ პუტინის დაცვის წევრებთან ერთად მსახურობდა.

„კრასიკოვი უშიშროების ფედერალური სამსახურის თანამშრომელია, საინტერესოა, რომ როცა „ალფაში“ იყო, პრეზიდენტის დაცვის რამდენიმე წევრთან ერთად მსახურობდა, ბუნებრივია, გუშინ აეროპორტში ერთმანეთს მიესალმნენ“, – განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს.