როგორც ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, ისრაელი ღაზაში შიმშილის პროვოცირებას ახდენს და შიმშილს ომის იარაღად იყენებს.
„ღაზა აღარ არის შიმშილის ზღვარზე, არამედ შიმშილის მდგომარეობაშია, რაც გავლენას ახდენს ათასობით ადამიანზე. შიმშილის ომის იარაღად გამოყენება მიუღებელია. ისრაელი შიმშილის პროვოცირებას ახდენს“, - თქვა ბორელმა, ღაზას სექტორის ჰუმანიტარული დახმარებით უზრუნველყოფასთან დაკავშირებით, ბრიუსელში გამართულ კონფერენციაზე.
საპასუხოდ, ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა ისრაელ კაცმა ჯოზეფ ბორელს მოუწოდა, რომ „შეწყვიტოს ისრაელთან დაპირისპირება და მხარი დაუჭიროს „ჰამასის“ დანაშაულებრივი ქმედებებისგან თავდაცვის უფლებას.
„ისრაელმა, სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო გზებით, ღაზაში მასშტაბური ჰუმანიტარული დახმარების შესვლა დაუშვა - ყველასთვის, ვისაც მოსახლეობის დახმარების სურვილი ჰქონდა, მაგრამ ეს დახმარება, გაეროს ჰუმანიტარული დახმარების სააგენტოსთან [UNRWA] თანამშრომლობით, „ჰამასის“ მებრძოლებმა ძალადობრივად შეაფერხეს,“ - თქვა ისრაელ კაცმა X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში.