ჩვენ გვაქვს თანამშრომლობის ფართო სპექტრი და ერთ-ერთი უკანასკნელი არის თქვენი შეთავაზება, შეუერთდეთ ევროკავშირის სამოქალაქო დაცვის მექანიზმს. ეს უნდა შეთანხმდეს წლის ბოლოსთვის, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა ბრიუსელში, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან და ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ამასთან, ბორელის თქმით, ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საბჭოს დღევანდელ შეხვედრაზე განიხილეს, როგორ შეუძლიათ, ერთად გააძლიერონ საქართველოს მედეგობა.
„ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს თქვენს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენ გვყავს სპეციალური წარმომადგენელი რეგიონში, გვყავს საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. ეს არის ჩვენი ყველაზე ხანგრძლივი მისია რეგიონში. ვფიქრობ, ისინი ასრულებენ მნიშვნელოვან სამუშაოს თქვენი ხალხისთვის ყოველდღიურად. ჩვენ ასევე საქართველოსთან მნიშვნელოვნად გავაძლიერეთ ჩვენი უსაფრთხოება და თავდაცვითი თანამშრომლობა ევროპული მშვიდობის ფონდის საშუალებით, ინჟინერიის, ლოგისტიკისა და კიბერთავდაცვითი შესაძლებლობების მხარდაჭერით, რისთვისაც ამ დრომდე გამოიყო 63 მილიონ ევრომდე. ეს მხარდაჭერა მიმდინარე წელს გაიზრდება“, – განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.