რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნები არც თავისუფალი იყო და არც სამართლიანი, – ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.

ევროკავშირის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, რუსეთის არჩევნებთან დაკავშირებით ევროკავშირის განცხადება საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრის შემდეგ გამოქვეყნდება.

„არც ეუთოს დამკვირვებლები, ძალიან შეზღუდული გარემო – ეს არის, დიპლომატიურად რისი თქმაც შემიძლია. უფრო მეტიც, ეს არჩევნები ეფუძნება რეპრესიებს, დაშინებას და ჩატარდა უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიაზე, რაც არღვევს უკრაინის სუვერენიტეტს“, – განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.

რუსეთის ცესკოს მონაცემებით, ვლადიმერ პუტინმა ხმების 85.13 პროცენტი მიიღო. რაც შეეხება სხვა კანდიდატებს, რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ვლადისლავ დავანკოვმა ხმების 6,65 პროცენტი მიიღო, ნიკოლაი ხარიტონოვმა – 3.84 პროცენტი, ხოლო ლეონიდ სლუცკიმ – 2.83 პროცენტი.