ევროპაში ფართომასშტაბიანი კონფლიქტი ფანტაზიას აღარ წარმოადგენს, ამიტომ ევროპელებმა ახალი გზები უნდა იპოვონ კონტინენტზე პოტენციურად უფრო ფართო ომისთვის ფინანსურად მოსამზადებლად, – ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა ბრიუსელში ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ომი დანამდვილებით ჩვენ ირგვლივაა, მაღალი ინტენსივობის კონვენციური ომი ევროპაში ფანტაზია აღარაა“, – განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.
როგორც ბორელმა აღნიშნა, რუსეთი ემუქრება ევროპას უკრაინაში ომითა და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებზე ჰიბრიდული თავდასხმებით.
„ის ხვალ არ დაიწყება, მაგრამ რეალობას ვერ უარვყოფთ. ჩვენ გვჭირდება სამთავრობოთაშორისი დაფინანსების ახალი მექანიზმი, რომელიც შეიძლება, შევადაროთ იმას, რაც ფინანსური კრიზისის დროს შევქმენით – ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა შექმნეს ევროპული თავდაცვის სააგენტო, თუმცა არ დააფინანსეს ის“, – განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.
მედიის ცნობით, იმის გათვალისწინებით, რომ უსაფრთხოების არსებული ვითარება „ეგზისტენციალურ კრიზისშია“, ბორელი აღნიშნავს, რომ თავდაცვაში ინვესტიციების განსახორციელებლად გზების ძიება გადაუდებლობას წარმოადგენს.
ბორელმა ასევე ისაუბრა აშშ-ის ადმინისტრაციაში დონალდ ტრამპის შესაძლო დაბრუნების საკითხზე.
„აშშ-ის ქოლგა, რომელსაც ცივი ომის დროიდან ვეყრდნობოდით, შესაძლოა, მუდმივად გახსნილი არ იყოს. შესაძლოა, იმის გამო, თუ ვინ ხელმძღვანელობს ვაშინგტონს, ჩვენ ვერ ვიქნებით ამერიკისგან დაცვის იმედად“, – განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.