ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კიდევ ერთხელ დაგმო ყოფილ პრეზიდენტზე, ნოემბრის არჩევნებში თავის პოტენციურ მეტოქე დონალდ ტრამპზე თავდასხმა და განაცხადა, რომ პოლიტიკა მშვიდობიანი დებატების ადგილი უნდა იყოს და არა ბრძოლის ველი.
მისი თქმით, ამერიკაში სადავო საკითხებს საარჩევნო უბნებზე აგვარებენ და არა ტყვიების დახმარებით.
მან ამერიკელებს მიმართა, პოლიტიკაში ტემპერატურა დაწიონ:
"საჭიროა ჩვენს პოლიტიკაში ტემპერატურის დაწევა და გვახსოვდეს, რომ როდესაც არ ვეთანხმებით, ჩვენ არ ვართ მტრები, ჩვენ ვართ მეზობლები, ჩვენ ვართ მეგობრები, თანამშრომლები, მოქალაქეები და რაც მთავარია - ჩვენ ამერიკელები ვართ, ერთად უნდა დავდგეთ".
ჯო ბაიდენმა ამერიკელები გააფრთხილა დეზინფორმაციის რისკისა და იმ გარე ძალების შესახებ, რომლებიც, მისი თქმით, წინასაარჩევნოდ განხეთქილებას აღვივებენ მათთვის სასურველი შედეგების მისაღწევად.
იგი მოითხოვს, ჩატარდეს დამოუკიდებელი გამოძიება, როგორ იყო უზრუნველყოფილი ეროვნული უსაფრთხოება პრეზიდენტობის კანდიდატ დონალდ ტრამპზე თავდასხმის დროს, რადგან გაჩნდა კითხვები იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება, ნახევრად ავტომატური შაშხანით შეიარაღებული ადამიანი ასე მიახლოებოდა ყოფილ პრეზიდენტს.
"ამ ან სხვა ნებისმიერი სახის ძალადობის ადგილი ამერიკაში არ არის. თავდასხმა ეწინააღმდეგება ყველაფერს, რისთვისაც ჩვენ როგორც ერი ვიბრძვით. მსროლელის მოტივებზე ჩვენ ჯერ არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს. ჩვენ ვიცით ვინ არის იგი. მოგიწოდებთ ყველას, გთხოვთ, ნაადრევად ნუ გააკეთებთ ვარაუდებს მისი მოტივებისა თუ მისწრაფებების შესახებ“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
მისი თქმით, ანალიზის შედეგად მიღებული დეტალები უნდა გასაჯაროვდეს.
ბაიდენმა აღნიშნა ისიც, რომ სროლის შემდეგ მას ტრამპთან „მოკლე, მაგრამ სასარგებლო საუბარი“ ჰქონდა.
„გულწრფელად მოხარული ვარ, რომ ის უსაფრთხოდაა და თავს კარგად გრძნობს“, - განაცხადა მან.