რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ როგორც ჩანს უარი თქვა ბახმუტზე შეტევის გაგრძელებაზე, რათა მოემზადოს უკრაინის შეიარაღებული ძალების მოსალოდნელი კონტრშეტევისთვის. ამის შესახებ ამერიკის ომის შემსწავლელი ინსტიტუტი (ISW) მორიგ ანალიტიკურ მიმოხილვაში წერს.
მიმოხილვის თანახმად, ამგვარად დაჯგუფება „ვაგნერი“ და მისი ხელმძღვანელი ევგენი პრიგოჟინი პოტენციურად რთულ ვითარებაში აღმოჩნდებიან.
მანამდე პრიგოჟინმა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მისამართით რამდენიმე ვიდეომიმართვა გაავრცელა და განაცხადა, რომ მისი მებრძოლები საბრძოლო მასალის უკიდურეს ნაკლებობას განიცდიან და უაზრო სიკვდილისთვის არიან განწირულნი. მან „ვაგნერის“ საბრძოლო მასალით დაუყოვნებლივ მომარაგება მოითხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი 10 მაისიდან ბახმუტიდან „ვაგნერის“ მებრძოლების გაყვანით დაიმუქრა.
ISW-ის ანალიტიკოსების აზრით, პრიგოჟინის რისხვა იმ ვარაუდის შესაძლებლობას იძლევა, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ყურადღება ბახმუტიდან სხვა საბრძოლო მოქმედებების ზონებზე გადაიტანა, რამაც შესაძლოა, სერიოზულად დააზიანოს „ვაგნერის“ ეფექტიანი მოქმედებების შესაძლებლობა. თუმცა ინსტიტუტი აქვე აღნიშნავს, რომ „ვაგნერს“ საბრძოლო მასალის ნაკლებობის მიუხედავად, ბახმუტის მთლიანად აღების მცდელობა არ შეუწყვეტია.