ომის შესწავლის ინსტიტუტი თვლის, რომ რუსეთის მთელი საჰაერო-სადესანტო ჯარები უკვე ჩართულია შეტევითი ან თავდაცვითი ოპერაციებში უკრაინაში და თუ რუსეთს შეტევის დაწყება სურს, მნიშვნელოვანი რეზერვები უნდა ჩართოს ბრძოლაში. საოკუპაციო ჯარები გამოფიტული და დეზორგანიზებული არიან. ამის შესახებ ISW ოპერატიულ მიმოხილვაში წერს.

"რუსული ჯარების განლაგების ბუნება უკრაინაში მიგვითითებს იმაზე, რომ ყველა სამხედრო ოლქის ხელმისაწვდომი შენაერთების უმეტესობა, ისევე როგორც საჰაერო-სადესანტო ჯარების გადარჩენილი ნაწილი, უკვე ჩართულია უკრაინაში აქტიურ შეტევით ან თავდაცვით ოპერაციებში.

ეფექტური შეტევითი ოპერაციების განსახორციელებლად, რუსეთს დასჭირდება მნიშვნელოვანი რეზერვების გადასროლა რომელიმე კონკრეტულ მიმართულებაზე, ხოლო ჯარების საერთო გამოფიტვა და აშკარად არაორგანიზებული და ფრაგმენტული განლაგების სტრუქტურა ზოგიერთ რაიონში, სავარაუდოდ, მნიშვნელოვან დაბრკოლებებს შეუქმნის რუსეთს ფრონტის კრიტიკული სექტორების დაცვაში." - წერს ინსტიტუტი.

ინსტიტუტის ანალიტიკოსების ვარაუდით, უკრაინა შეძლებს 9 ბრიგადის გამოყენებით კოორდინირებული, მექანიზებული შეტევის დაწყებას.

ISW-ის ცნობით, რუსული ჯარები ამჟამად მოქმედებენ 7 მიმართულებით: კუპიანსკი; ლუგანსკის რეგიონი; ბახმუტი; ავდიივკა-დონეცკი; დონეცკის ოლქის დასავლეთი ნაწილი/ზაპოროჟიეს ოლქის აღმოსავლეთი ნაწილი; ზაპოროჟიეს რეგიონის დასავლეთი ნაწილი და ხერსონის რეგიონი.

რუსული ჯარები აწარმოებენ აქტიურ შეტევითი ოპერაციებს მინიმუმ 5 რაიონში (კუპიანსკი, ლუგანსკი, ბახმუტი, ავდიივკა-დონეცკი, დასავლეთ დონეცკი/აღმოსავლეთ ზაპოროჟიე) და ძირითადად თავდაცვაში არიან ზაპოროჟიეს რეგიონის დასავლეთ ნაწილში და ხერსონის რეგიონში.

რუსული ძალები, რომლებიც ახლა უკრაინაში შეტევასა და თავდაცვით ოპერაციებში მონაწილეობენ, არის როგორც რეგულარული, ასევე არარეგულარული, და დიდია ალბათობა, რომ რუსეთის ქვედანაყოფების პირადი შემადგენლობა შემცირებულია მთელს უკრაინაში ომის ადრეულ ეტაპებზე მნიშვნელოვანი მსხვერპლის გამო.