ამერიკული ანალიტიკური ცენტრის "ომის შემსწავლელი ინსტიტუტის" (ISW) შეფასებით, უკრაინამ 5 კვირაში დაიბრუნა თითქმის იმდენი ტერიტორია, რამდენიც რუსეთმა 6 თვეში დაიპყრო. კერძოდ, ISW–ს მონაცემებით, 4 ივნისიდან კონტრშეტევის დაწყების შემდეგ, უკრაინის ჯარებმა გაათავისუფლეს დაახლოებით 253კმ² ტერიტორია, მაშინ, როცა 1 იანვრიდან რუსეთის ძალებმა დაიკავეს 282კმ².
ISW–ს ცნობით, უკრაინის თავდაცვის ძალები ქვეყნის აღმოსავლეთსა და სამხრეთში განაგრძობენ შეტევას რუსეთის საოკუპაციო ძალების პოზიციებზე, მათ შორის – დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტთან.
"უკრაინელი სამხედროების მიერ ბახმუტის რაიონში ბოლო დღეებში ჩატარებული ოპერაცია მიმართული იყო ქალაქსა და მის ფლანგებზე მყოფი რუსული ძალების ალყაში მოქცევისკენ. უკრაინა პოზიციებს იმყარებს ბახმუტის რაიონში და მის სამხრეთ-დასავლეთ ფლანგებზე, მათ შორის საცეცხლე უპირატესობისთვის საჭირო სპეციფიკურ რელიეფზე", – აცხადებს ISW.
ISW კრემლის მხარდამჭერი სამხედრო ბლოგერების მიერ საჯაროდ გამოთქმული შეშფოთების საფუძველზე ვარაუდობს, რომ უკრაინის კონტრშეტევა რეალურ საფრთხეს უქმნის რუსეთის მიერ ბახმუტის შენარჩუნებას, თუმცა ქალაქის გათავისუფლებაზე საუბარი ნაადრევია.