ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ანალიზის მიხედვით, რეალობას არ ასახავს რუსეთის კურსკის ოლქის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლის ალექსეი სმირნოვის მონაცემები, რომელიც მან 12 აგვისტოს წარუდგინა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს. ამ მონაცემების მიხედვით, უკრაინის ჯარებმა კურსკის ოლქში დაიკავეს 28 დასახლებული პუნქტი და საზღვრის 40-კილომეტრიანი მონაკვეთის გასწვრივ, ოლქის სიღრმეში წინ წაიწიეს დაახლოებით 12 კილომეტრით.

ISW-ის ექსპერტები საჯაროდ გავრცელებული ცნობების და გეოლოკაციური კადრების გაანალიზების საფუძველზე წერენ, რომ 11 აგვისტოს მდგომარეობით, უკრაინელი სამხედროები მოქმედებდნენ კურსკის ოლქის 29 დასახლებულ პუნქტში, ხოლო 12 აგვისტოს - 40-ში. ამერიკელი ანალიტიკოსების თანახმად, სულ ახლახან უკრაინის ძალები საზღვრიდან 24 კილომეტრის სიღრმეში იყვნენ.

ISW-ს ეჭვი ეპარება უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, გენერალ ოლექსანდრ სირსკის განცხადებაშიც, რომ კურსკის ოლქში აკონტროლებენ დაახლოებით 1000 კმ²-ს. უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები რუსეთის კურსკის ოლქში 6 აგვისტოდან მოქმედებენ.

12 აგვისტოს, უკრაინელებისადმი ვიდეომიმართვისას პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ 24 წლის წინ, რუსეთში პუტინის მმართველობის დაწყების სიმბოლო იყო ატომური წყალქვეშა ნავის, „კურსკის” კატასტროფა და დღეს ფინალი ისევ იქნება კურსკი - პუტინის ომის კატასტროფა. ზელენსკის თქმით, რუსეთმა სხვებს მოუტანა ომი, რომელიც ახლა სახლში უბრუნდება. ბარენცის ზღვაში წვრთნებისას კატასტროფა განიცადა ატომურმა წყალქვეშა ნავმა, სახელად „კურსკი”. დაიღუპა ბორტზე მყოფი 118-ვე ადამიანი.