ისრაელმა პალესტინურ რადიკალურ მოძრაობა "ჰამასს" საბრძოლო მოქმედებების ორი თვით შეწყვეტა შესთავაზა ყველა მძევლის გათავისუფლების სანაცვლოდ. ამის შესახებ ამერიკული გამოცემა Axios ისრაელის ორ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით წერს.
ისრაელის მთავრობის წინადადება "ჰამასს" ეგვიპტის და კატარის წარმომადგენლებმა გადასცეს. "ჰამასის" პასუხი ჯერ უცნობია.
როგორც წყაროები ყვებიან, შეთანხმების შემთხვევაში, პირველ ეტაპზე უნდა გათავისუფლდნენ ღაზას სექტორში მძევლად მყოფი, 60 წელზე უფროსი ასაკის ქალები და კაცები და მძევლები, რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. შემდეგი ეტაპები მოიცავს ყველა სხვა მძევლის, მათ შორის სამხედრო მოსამსახურეების გათავისუფლებას და გარდაცვლილი მძევლების ცხედრების გადაცემას.
ისრაელის მონაცემებით, ჰამასის მიერ 2023 წლის 7 ოქტომბერს გატაცებული 240 ადამიანიდან ღაზას სექტორში, სავარაუდოდ, რჩება 132. მათგან 25 დაღუპულად ითვლება.