ისრაელმა ეგვიპტეს აცნობა, რომ აპირებს სამხედრო ოპერაციის დაწყებას ღაზას სექტორსა და ეგვიპტეს შორის საზღვრის გასაკონტროლებლად. ამის შესახებ The Wall Street Journal წერს.
ისრაელისა და ეგვიპტის ოფიციალური პირების ციტირებით, სტატიაში ნათქვამია, რომ ასეთი ოპერაციის შედეგად ისრაელი დაიკავებს რაფას სასაზღვრო გადასასვლელს და ე.წ. ფილადელფიის კორიდორს, რომელიც ეგვიპტესა და ღაზას ყოფს.
გამოცემის ცნობით, ოპერაციაზე თანხმობა ისრაელის ლიდერებს ჯერ არ განუცხადებიათ. ეს დამოკიდებული იქნება ეგვიპტის მთავრობასთან მოლაპარაკებებზე, რადგან ეს უკანასკნელი მუშაობს ისრაელსა და ჰამასს შორის მძევლების ახალ შეთანხმებაზე.
ისრაელის ოფიციალური პირები ცდილობდნენ გაექარწყლებინათ ეგვიპტის შეშფოთება იმის თაობაზე, რომ ოპერაციამ შეიძლება შემთხვევითი ზიანი გამოიწვიოს ეგვიპტის ტერიტორიაზე და დაარღვიოს ქვეყნებს შორის 1979 წლის სამშვიდობო ხელშეკრულების ფარგლებში დადგენილი ჯარების განლაგების ლიმიტები.
WSJ ასევე წერს, რომ ეგვიპტემ უარყო ისრაელის წინადადება, რომ ისრაელის ჯარმა ერთობლივი პატრულირება განახორციელოს საზღვრის ეგვიპტის მხარეს და განაცხადა, რომ ის მუშაობს ბარიერების დამონტაჟებაზე და რეგიონში მეთვალყურეობის გაზრდაზე.
"ისრაელს არ სურს იყოს პასუხისმგებელი ღაზაზე გრძელვადიან პერსპექტივაში, მაგრამ საკითხავია, როგორ უნდა გავაკონრტოლოთ, რომ ღაზა დემილიტარიზებულია?" - ციტირებულია ისრაელის სამხედრო მაღალჩინოსნის განცხადება. "ნამდვილი დილემაა. გეოგრაფიული არეალის კონტროლის ერთადერთი გზა არის იმის კონტროლი, თუ რა ხდება შიგნით და გარეთ."
"უახლოეს პერიოდში, მომდევნო რამდენიმე ათწლეულში, ისრაელს სჭირდება საზღვრების კონტროლი უსაფრთხოების საკითხების გამო," - თქვა ოფიციალურმა პირმა.