პალესტინის ტერორისტულ ორგანიზაცია ჰამასსა და ისრაელს შორის ომის დაწყებიდან, ღაზას სექტორში გაეროს 136 თანამშრომელი დაიღუპა. ამის შესახებ გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა სოციალურ ქსელ X-ში განაცხადა.
"ღაზას სექტორში 75 დღეში 136 ჩვენი კოლეგა მოკლეს - რაც არასოდეს გვინახავს გაეროს ისტორიაში. ჩვენი თანამშრომლების უმეტესობა იძულებული გახდა დაეტოვებინა სახლები. მინდა პატივისცემა გამოვხატო მათ მიმართ და ათასობით დამხმარე მუშაკის მიმართ, რომლებიც რისკავენ საკუთარ სიცოცხლეს ღაზას სექტორში მშვიდობიანი მოსახლეობის მხარდასაჭერად," - წერს ის.
გაეროს ვებსაიტმა განმარტა, რომ გუტერეშმა ამ საკითხზე 22 დეკემბერს, ნიუ-იორკში, ჟურნალისტებთან ისაუბრა.
"ჩვენ 71 დღე ველოდით ისრაელს, რათა საბოლოოდ დაეშვა ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების შესვლა კერემ-შალომის გადასასვლელით. შემდეგ გადასასვლელი მაშინ დაიბომბა, როცა ჰუმანიტარული დახმარების სატვირთო მანქანები იმყოფებოდნენ ტერიტორიაზე. [...] თაროები ცარიელია, საფულე ცარიელია, მუცლები ცარიელია. მთელ ღაზაში მხოლოდ ერთი საცხობი ფუნქციონირებს. მოვუწოდებ ისრაელის ხელისუფლებას სასწრაფოდ მოხსნას შეზღუდვები კომერციულ საქმიანობაზე," - განაცხადა გაეროს გენერალურმა მდივანმა.
ორგანიზაცია ასევე საუბრობს ლოგისტიკის პრობლემებზე იმ სექტორში, სადაც ბრძოლები მიმდინარეობს.
"გაეროს არ აქვს საკმარისი მანქანები ღაზას საზღვრის გავლით მიწოდებული დახმარების გადასატანად. გარდა ამისა, სექტორის ჩრდილოეთით გამგზავრება საშიშია და კომუნიკაციის შეფერხებები ხელს უშლის ჰუმანიტარულ მუშაკებს ერთმანეთთან კომუნიკაციასა და მოსახლეობის ინფორმირებაში," - ნათქვამია განცხადებაში.